2026 წლის 3 სექტემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. 

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან უპირობო გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში.

„ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ ინსტრუმენტი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური საშუალება. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.