პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ქალთა კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე შეფასება გააკეთა.
სუბარმა მოუწოდა ყველა იმ პარტიას, რომელიც გენდერულ კვოტირებას ემხრობა, გადაირჩიონ მამაკაცი თავმჯდომარეები და დანიშნონ ქალები.
„მინდა მოვუწოდო იმ პარტიებს, რომლებიც კვოტირების გაუქმების წინააღმდეგი არიან: ყველა მათგანს თავმჯდომარედ ჰყავთ მამაკაცი. ჰოდა, სასწრაფოდ გადაირჩიონ გახარიაც, ხაბეიშვილიც, ხაზარაძეც და თუ მიაჩნიათ, რომ ესაა გამოსავალი, აირჩიონ ქალები. მერე ისინი სიაში ჩაწერენ ქალებს და მარტივად გადაწყდება ეს საკითხი, რად უნდა ამას კანონი და კვოტირება.
ამასთან, ჩემს კოლეგებს მივმართავ, ძალიან კარგი და საინტერესო ინიციატივა აქვს „გირჩს", ეს ეხება აბსოლუტურად ხელოვნური და მავნებლური ტერმინის კანონიდან ამოღებას - ესაა სიტყვა გენდერი და ამაში მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, იმიტომ, რომ ყველა ასეთ ტერმინში ჩადებულია სამომავლო მავნებლობები,“ - განაცხადა სუბარმა.