პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, მედიასთან გამოეხმაურა მორიგ დაპირისპირებას ოპოზიციურ ალიანსში.
დეპუტატმა განაცხადა, რომ ალიანსი დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობაა“ და სინამდვილეში ერთი და იგივე იდეოლოგია აქვთ. სუბარის სიტყვებით, ალიანსი პირველობისთვის ბრძოლის გამო, ვერასდროს შეიკვრება:
„პიროვნულად ისეთი მიუღებლობა აქვთ ერთმანეთის, ისეთი დიდია სწრაფვა მათ შორის პირველობისთვის, რომ ვერასდროს შეიკვრებიან ერთ ძალად და ყოველთვის გამოვლინდება მათ შორის პიროვნული წინააღმდეგობები“ - განაცხადა დეპუტატმა.
სუბარმა აღნიშნა ისიც, რომ გაერთიანება შეუძლებელია მათი დასავლელი „პატრონების“ სურვილისა თუ დავალებების მიუხედავად.
„დაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ იდეოლოგიურად ერთი და იგივეა. პიროვნულად ისეთი მიუღებლობა აქვთ ერთმანეთის, ისეთი დიდია სწრაფვა მათ შორის პირველობისთვის, რომ ვერასდროს შეიკვრებიან ერთ ძალად და ყოველთვის გამოვლინდება მათ შორის პიროვნული წინააღმდეგობები. როგორი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთიდან- მათი პატრონებისგან, რაც არ უნდა ალიანსები შექმნან, საბოლოოდ ყველა ეს გაერთიანება დაშლისთვისაა განწირული“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.










