„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სოზარ სუბარი ჟურნალისტებთან სოფელ კირბალთან მომხდარ უმძიმეს შემთხვევას - საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გამოეხმაურა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.
„მთავარი დამნაშავის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენისა და ძებნის დადგენილება. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.
სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების
ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ".