„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„ბატონმა კასიანოვმა „უკრინსკაია პრავდას“ კი არა, იქნებ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს უთხრას, საქართველოდან თქვენს ევაკუაცია ვაპირებო. მაინტერესებს, როგორ გაასწრებს მათ რისხვას და ვის მოუწევს სასწრაფო ევაკუაცია.
ან კიდევ, უკრაინელი ლტოლვილები ჩვენთანაც რომ იმ პირობებში ცხოვრობდნენ, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია (კარვებში, მცირე ზომის საკნებად გადატიხრულ სპორტდარბაზებში და ა.შ.), წარმომიდგენია, რა წყევლა-კრულვას და რისხვას დაგვატეხდნენ თავს ბატონი კასიანოვი და მისი კიეველი უფროსები.
ისე, ინფორმაციისთვის, ბატონმა კასიანოვმა რომ იცოდეს: გაცილებით მეტი უკრაინელი და რუსი ცხოვრობს ერთმანეთის გვერდით პრაღაში, ვენაში, ბერლინში, პარიზში, მადრიდში... პერიოდულად (საქართველოსგან განსხვავებით), კონფლიქტებიც აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ არავინ ითხოვს ვინმეს ევაკუაციას.
ყველაზე სამწუხარო მაინც ისაა, არის, რომ შხამი და ბალღამი, რასაც არ იშურებს საქართველოს მიმართ არაერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, დიპლომატი თუ ჟურნალისტი და ექსპერტი, აუცილებლად მოახდენს გავლენას იმ მეგობრულ და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე, რაც ყოველთვის არსებობდა ქართველებსა და უკრაინელებს შორის“, - აღნიშნავს სოზარ სუბარი.