გუშინ გარდაიცვალა სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი - ქალბატონი ნორა კვიციანი-არღვლიანი, ამჟამად ის მონაზონი იყო. ის იყო ადამიანი, რომელსაც მრავალი ათეული წელია, ვიცნობ. ის იყო პატრიოტიზმის, ქართველი ქალის ღირსებისა და გაუტეხელი სულის განსახიერება იყო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და ვრცლად ისაუბრა იმ ღვაწლზე, რომელიც მას კოდორის ხეობის შენარჩუნებაში მიუძღოდა.

„1993 წელს, სოხუმის დაცემის შემდეგ (მეც იქ ვიყავი, ჯერ სოხუმში, შემდეგ კოდორის ხეობა გადმოვიარე, ჩვენს დევნილებთან და ჯარისკაცებთან ერთად), ნორა კვიციანი ახერხებდა ორგანიზებას, რომ არცერთი ადამიანი, რომელიც ამ ხეობაზე გაივლიდა, მინიმუმ, თავშესაფრისა და ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩენილიყო, ყველას გვერდით იყო და მისი სახლი ყველას სახლად იყო გადაქცეული ასე გრძელდებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე სააკაშვილი იქ ყველაფერს თავდაყირა არ დააყენებდა.

ნორა კვიციანი იყო ადამიანი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა იმაში, რომ 15 წლის განმავლობაში, ვერავინ მოახერხა კოდორის ხეობის აღება - თავის ძმასთან, ემზარ კვიციანთან და ხეობის სხვა გმირ დამცველებთან ერთად. ერთი დღე არ გამოსულა კოდორის ხეობიდან, ყოველდღე იქ იყო, ყოველთვის - მოწინავე პოზიციებზე. სწორედ მისი მაღალი ავტორიტეტი იყო იმის გარანტი, რომ ხეობა იყო შეკავშირებული, ხეობა იყო ერთად და ახერხებდნენ, დაეცვათ ოკუპანტისგან, ვიდრე 2006 წელს, სააკაშვილმა იქ ჯარები არ შეიყვანა და 2008 წელს ხეობა ისე ჩააბარა, რომ მებრძოლების სული გატეხა და ოკუპანტს ერთი წინააღმდეგობა არ შეხვედრია და ხეობაში ერთი თოფი არ გავარდნილა. მეტსაც გეტყვით - იქიდან ისე გამოიყვანა სამხედრო შენაერთები, რომ მოსახლეობა არც კი გაუფრთხილებიათ, რა საფრთხე ელოდა. რომ არა სწორედ ნორა კვიციანი და თავდადებული ხალხი, იქ საოცრებები დატრიალდებოდა.

ნორა კვიციანი იყო ადამიანი, რომელიც სრულიად უკანონოდ დაიჭირეს. სამი ბრალდება ჰქონდა წაყენებული - უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. მაშინ სახალხო დამცველი ვიყავი და 32-გვერდიანი დასკვნა მაქვს გაკეთებული, რომელშიც დეტალურადაა განხილული, რამდენად უსამართლო და უკანონო იყო ეს ბრალდებები. საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა და უფრო მეტიც - მოწმეებს, რომელთაც ძალით მიაცემინეს ჩვენება და შემდეგ, როცა მათ სასამართლოზე აღიარეს, როგორი წამებისა და მუქარის ქვეშ მისცეს ჩვენებები, ეს ადამიანები დააპატიმრეს და ჩვენების შეცვლის გამო მიუსაჯეს სასჯელი.

ამ ადამიანს [ნორა კვიციანს] 6 წელი სრულიად უკანონოდ მიუსაჯეს და ძალიან ღირსეულად, ყოველგვარი ჩივილის გარეშე იხდიდა ამ დაუმსახურებელ სასჯელს, განსხვავებით ზოგიერთი პატიმრისგან, რომლებიც ვერც ციხეს ვერ უძლებენ და თავისი ჩივილით მთელი სამყარო შეაწუხეს. ღირსეულად იცხოვრა, ღირსეულად გარდაიცვალა. მინდა, მის ოჯახსა და მთელ საქართველოს კიდევ რთხელ მივუსამძიმრო.

მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ არიან ნამდვილი გმირები. ნორა კვიციანი იყო გმირი, რომელმაც 15 წლის განმავლობაში, შეძლო, კოდორის ხეობა შეენარჩუნებინა. რომ არა მისი პირადი, ძალიან მაღალი ავტორიტეტი, სხვა ვერავინ შეძლებდა ამ ხეობის შენარჩუნებას. იქ ემზარ კვიციანი და სხვა უამრავი გმირი იყო, მაგრამ პირველი და მთავარი სწორედ ნორა კვიციანი-არღვლიანის ავტორიტეტი იყო. ნორა კვიციანი უბრალოდ პოლიტიკური პატიმარი არ იყო, ის იყო პოლიტიკური მძევალი, რომელიც მხოლოდ იმის გამო დააპატიმრეს, რომ სააკაშვილის რეჟიმი მის ძმასა და შვილს დევნიდა. მათი დაჭერა რომ ვერ მოახერხა, დედა და და დაიჭირეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.