ყოფილი სახალხო დამცველი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სოზარ სუბარი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებას იხსენებს და მას ახლანდელ ვითარებას ადარებს.

სოზარ სუბარის თქმით, 2012 წელს ჩატარებული სკრინინგის შედეგად დაახლოებით 49.5%, ანუ ყოველ მეორე პატიმარი C ჰეპატიტით იყო დაავადებული.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ სწორედ პენიტენციური სისტემიდან ჩაეყარა საფუძველი C ჰეპატიტის ელიმინაციის საყოველთაო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საპატიმროებში 5 000-ზე მეტი ადამიანი სრულად განიკურნა.

ამასთან, სუბარმა ტუბერკულოზთან ბრძოლის დინამიკაზეც ისაუბრა.

"როდესაც მე გავხდი მინისტრი, 2012 წელს, ჩავატარეთ სრული სკრინინგი და დაახლოებით 49.5%-ს, ანუ ყოველ მეორე პატიმარს ჰქონდა C ჰეპატიტი. ეს იყო ჩვეულებრივი გამეტება ადამიანებისა სიკვდილისთვის. სწორედ აქედან დაიწყო C ჰეპატიტის ის პროგრამა, რომლითაც ასე ვამაყობთ ჩვენ. ბატონი ბიძინა იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი და როდესაც ვუთხარით, რომ ამას ვაკეთებთ, მან მოგვცა დავალება, რომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ეს გაგვევრცელებინა მთელ ქვეყანაზე და დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაცია ხდება. იგივე შემიძლია ვთქვა ტუბერკულოზთან დაკავშირებით. ტუბერკულოზის შემთხვევები იყო დაახლოებით წელიწადში 500-დან 1000-მდე ახალი შემთხვევების გამოვლენა და იყო წლები, როდესაც 1000-დან 2000-მდე ადამიანი იყო გამოვლენილი ტუბერკულოზით. იყო შემთხვევები, როდესაც ძალიან მძიმე ტუბის ფორმით ადამიანს სვამდნენ საკანში, სადაც დაახლოებით 60-70 და ზოგჯერ 100-ზე მეტი ადამიანიც კი იყო, 20 ადგილიან კამერაში 100 ადამიანი წარმოიდგინეთ, უჰაერობაში და აქ გადამდები ტუბერკულოზის მქონე პაციენტი, უბრალოდ განწირული იყო ყველა პატიმარი, რომ გადასდებოდა. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ამ წუთში, 12 ადამიანი მკურნალობს ციხეებში, აქედან 5 არის ახალი გამოვლენილი, ეს არის ის 5 ადამიანი, რომლებსაც დაკავების შემდეგ აღმოაჩნდათ ტუბი. ანუ, დაკავებისთანავე ხდება მათი სკრინინგი. ც ჰეპატიტზე აღარ ვლაპარაკობ, მგონი 5-6 ათასს გადასცდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც განიკურნენ ციხეში და ეს პროგრამა, ბუნებრივია, გრძელდება. ეს არის განსხვავება," - ამბობს სოზარ სუბარი.