პოლიტიკური პარტის "მემარცხენე ალიანსის" თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი ყოფილ თანაპარტიელს შალვა ნათელაშვილს "ლეიბორისტული პარტიის" სახელით ფულის შოვნასა და მიხეილ სააკაშვილთან გარიგებებში ადანაშაულებს. ყოფილი ლეიბორისტი "აიპრესთან" საუბრისას ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილს სააკაშვილი აფინანსებს.

"შალვა ნათელაშვილს მიხეილ სააკაშვილი აფინანსებს. მისი ვაშინგტონში შეხვედრები, რასაც ის აკეთებს... ჩადის ვაშინგტონში და აბეზღებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ მიიღოს და ხელი არ მოაწერონ ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებას, NATO-ს არ დაუახლოვდეს...

შალვა ნათელაშვილმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი ფული იშოვა, რაც დოკუმენტებითაც დასტურდება. მისი მეუღლის, ბელა ალანიას სახელზე ბანკის ანგარიშზე ასეულ ათასობით ევროა. როდესაც მას კითხეს, საიდან ჰქონდა ქალბატონ ბელას ასეულობით ათასი, თითქმის ნახევარი მილიონამდე ევრო ოფიციალურ ანგარიშზე, რაც ზღვაში წვეთია რაც შემდეგ იშოვა ნათელაშვილმა პარტიის სახელით... 

განაცხადა, რომ თურმე ნუ იტყვი და ოპერაცია, რომელიც 2007 წელს ნათელაშვილმა გაიკეთა ბადრი პატარკაციშვილმა დააფინანსა... თურმე, მოსახლეობას შეუგროვებია ფული ასეულობით ათასი ევრო... სად წაეღოთ ეს ფული არ იცოდნენ და იძულებული გამხდარან ბანკში შეეტანათ ეს ფული და დეკლარაციაში ეჩვენებინათ. ეს იმდენად დიდი აბსურდი და სასაცილო ამბავია, რომ კრიტიკის ზღვარს სცდება", - განაცხადა შატბერაშვილმა. 

"აიპრესი" კომენტარისთვის „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს გიორგი გუგავას დაუკავშირდა. მისი თქმით, ეს ჭორები წლებია ვრცელდება.

„ეს არის ჭორი, რომელიც უკვე 5 წელია ვრცელდება და თქვენ, ჟურნალისტები ამაზე კომენტარს არ უნდა მაკეთებინებდეთ. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გავრცელებული ჭორები. ის აფინანსებს ამის გამო გარკვეულ სუბიეტებს, სააგენტოებს და ჟურნალისტებს, რომ ასეთი ინფორმაციები გაავრცელოს „ლეიბორისტული პარტიის“ და მისი ლიდერის მიმართ, რადგან ის კარგად გრძნობს, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას დაამარცხებს ამ არჩევნებში“- განცხადა გუგავამ.