ისევ და ისევ ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

„ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მისი მდგომარეობა როგორც გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს გაუმჯობესებულია, თითქოს უკეთესია, ეს არის ტყუილი. ნევროლოგიური სტატუსი არის უცვლელი, როგორც ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა განაცხადეს. ზოგადად ტენდენცია არის გაუარესების. 
ჩვენ ისევ და ისევ ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან მანიპულაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას, რომ რაც შეიძლება მეტად აწამონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ ამით პუტინმა დიდი სიამოვნება მიიღოს. ჩვენ ვუყურებთ ამ სურათს, რაც დაუშვებელია და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ"- ამბობს ჯაფარიძე. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნარჩუნდება გაუარესებისკენ ნელი დინამიკა. მედიკოსების დასკვნაში კვებით დეფიციტზეც არის საუბარი. ასევე ნათქვამია, რომ „ვივამედში“ მართვასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვთ.