ერთობით უნდა დავამარცხოთ ყველაფერი რუსული საქართველოში და დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ რელსებზე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე „არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ განაცხადა.
„მეგობრებო ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ერთი - არა რუსულ კანონს და არა რუსულ მთავრობას! მე არ დაგიწყებთ იმის ახსნას თუ რატომ არის ეს კანონი რუსული, მე დარწმუნებული ვარ ყველამ ძალიან კარგად იცით და ვიცით თუ რა რეალობა და მოცემულობაა დღეს, როდესაც ერთ მხარეს ვდგავართ ქართველი ხალხი და სრულიად დასავლური სამყარო და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“ რუს პროპაგანდისტებთან ერთად. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ერთი და ჩვენი გამარჯვების გასაღები არის სწორედ ის, რაც ხდება დღეს აქ, რაც ხდება დღეს რუსთაველზე. დღეს ერთად ვდგავართ პოლიტიკოსები, ექიმები, მსახიობები, მასწავლებლები, სტუდენტები და ყველა, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე შეგვტკივა გული. დღეს ბიძინა ივანიშვილის კოშმარი ჩვენ რეალობად ვაქციეთ და დღეს ჩვენ გვაქვს ის უპრეცედენტო ერთობა, რაც არის სწორედ მისი კოშმარი. დიახ, ჩვენ ასე ერთად უნდა ვიდგეთ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი კრიზისის წინაშე. ჩვენ ერთად უნდა ვუშველოთ ჩვენს ქვეყანას და მე მჯერა ამ ერთობით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ.
ხშირად მეკითხებიან რა არის გამარჯვების ფორმულა. გამარჯვების ფორმულა ჩვენს ეროვნულ გერბზე ძალიან გარკვევით წერია „ძალა ერთობაშია“.
გუშინდელმა რეზოლუციამ ყველაფერი თქვა და ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ დაუყოვნებლივ „ქართულმა ოცნებამ“ გაიწვიოს რუსული კანონი და გაათავისუფლოს ჩვენი ქვეყნის ნომერ პირველი პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სწორედ პირველმა აღმართა ევროპული დროშა და პირველმა გაიყვანა ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე. ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდი მტერია პუტინის და რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირე კი დღეს რუსეთის ბიძინა ივანიშვილია. დიახ მეგობრებო ძალა ერთობაშია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. არა რუსულ კანონს და არა რუსულ ხელისუფლებას!“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.