ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ, მეორეზე გადავალთ, მეორედან გაგვიშვებენ, მესამეზე გადავალთ და საბოლოოდ ძალიან მალე მთელი თბილისის ქუჩები ხალხით იქნება სავსე, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ, - განუცხადა „ქრონიკას“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე, აქციაზე იმყოფება.

„კანონი არ დაგვირღვევია, საკმარისი რაოდენობის ადამიანი იყო, რომ ქუჩა გადაკეტილიყო“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა,სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.

ამ დროისთვის აქცია მელიქიშვილის გამზირზე გრძელდება.