სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მესამე სხდომას მართავს.
კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სხდომის დაწყებისას პირველი ორი შეხვედრა შეაჯამა და ყურადღება გაამახვილა იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც ამ დროისთვის გამოიკვეთა და ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები რძის პროდუქტების, კვერცხის, ხორცის მწარმოებლებთან. ასევე, შეხვედრები გვქონდა ხილისა და ბოსტნეულის, სასმელების მწარმოებლებთან. გამოიკვეთა რიგი პრობლემები, რომლებიც, თავისთავად, ფასწარმოქმნის ჯაჭვში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და მწარმოებლის დონეზე აძვირებს ერთეულის ღირებულებას. კომპანიების დიდმა ნაწილმა გამოთქვა პოზიცია, რომ წარმოების ციკლში მათი წარმოება დიდწილად დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც, თავის მხრივ, იმპორტის, ინფლაციის რისკებს ქმნის. ანუ, თუკი იმპორტული ნედლეული გაძვირდა, ეს აისახება ერთეულის ფასზე;
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ჩვენ დავინახეთ საოპერაციო ხარჯების ნაწილში, კომპანიებს განსაკუთრებით დიდი საოპერაციო ხარჯები აქვთ რეალიზაციის და მარკეტინგის მიმართულებით. ამ შემთხვევაში დისტრიბუტორებსა და ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით მაღალი აქვთ ეს ხარჯები. თითოეულმა მათგანმა თქვა, რომ მარკეტინგის და რეალიზაციის ხარჯში ქსელებთან აქვთ კონკრეტული ტიპის გადასახადები, რაც უზრდით საოპერაციო ხარჯს. საუბარი იყო მაღაზიაში შესვლის ღირებულებაზე, ქეშბექზე, თაროს გადასახადზე და ა.შ.;
ასევე, როდესაც საუბარი იყო ფასწარმოქმნის ჯაჭვში ურთიერთობებზე სუბიექტებს შორის, მხედველობაში მაქვს მწარმოებელი, დისტრიბუტორი და საცალო ქსელის ოპერატორი, ასიმეტრიული ურთიერთობები შეიმჩნევა, რაც ნიშნავს, რომ ჯაჭვში რგოლის ზედა მხარეს მოლაპარაკებისას უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ის განსაზღვრავს კომერციულ პირობებს, რომელშიც შედის გადახდები და საქონლის ბრუნვა. ზოგ შემთხვევაში რიგმა კომპანიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ საქონლის ბრუნვის მონიტორინგსაც ვერ ახორციელებს ქსელურ ოპერატორებთან ურთიერთობაში და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანუ, ასიმეტრიული ურთიერთობა ჯაჭვში მყოფ კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ეს პრობლემად გამოვლინდა;
მესამე პრობლემიდან გამოიკვეთა მეოთხე, რომ ეს პირდაპირ აისახება სამუშაო კაპიტალის დეფიციტზე და კომპანიების დიდი ნაწილი იძულებულია, სამუშაო კაპიტალი შეავსოს საკრედიტო კაპიტალით, ეს კაპიტალი არცთუ ისე იაფია. თქვეს, რომ რიგ შემთხვევაში 15-16 პროცენტია და ყოველივე ეს ერთეულის ღირებულებაზე აისახება, აქ მნიშვნელოვანი პრობლემაა და საჭიროა კორექცია. ასევე, რიგი კომპანიების შემთხვევაში იყო ნაშთების მართვის პრობლემები და დანაკარგები. საცალო ქსელთან ურთიერთობაში რადგან არ ხდება სასაქონლო ბრუნვის კონტროლი, რთულია ნაშთების სწორი მართვა და დანაკარგების შემცირება. ესეც პრობლემაა და კორექციას საჭიროებს.
საერთო ჯამში, ეს ყველაფერი რომ შევაფასოთ, არსებული ფასწარმოქმნის ჯაჭვი და ბიზნესოპერაციები ადგილობრივ წარმოებას არაკონკურენტულ გარემოში აყენებს და თავისთავად აისახება იმაზე, რომ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ისინი ქმნიან, არაკონკურენტუნარიანია. ჩვენი მიზანია, გაგესაუბროთ და თქვენთან ერთად შევძლოთ ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, რადგან ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. თქვენ კონკურენციაში შედიხართ იმპორტულ საქონელთან და ჯანსაღი კონკურენციის, ბიზნესპროცესების სწორად მართვის პირობებში, თქვენი ბიზნესეფექტურობის გაზრდის პირობებში, ჩვენ გვინდა, ადგილობრივი წარმოება გავხადოთ კონკურენტუნარიანი, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება კონკურენტუნარიან ფასზე. წარმოება, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესი, რომელიც არის საფუძველი ჩვენი ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის ინკლუზიურობის, გვინდა, იყოს ყველაზე დაცული, ყველაზე ეფექტური. მხოლოდ პრობლემების ცოდნის შემთხვევაში შევძლებთ ეფექტური მექანიზმების ამუშავებას“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.








