პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჭოუ ციენთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობიდან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანას, როგორც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპს.
შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა ჩინეთში მისი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე და გამართულ ნაყოფიერ შეხვედრებზე.
მხარეებმა განიხილეს მზარდი საპარლამენტო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიმართულებებზე, განიხილეს რეგიონული პოლიტიკის საკითხები და ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის კუთხით შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.




