ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ იგორ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს“.
მისი თქმით, ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ.
„ბლაჟევიჩი რასაც ატრეინინგებს, პირველი არ არის. აქამდე აკერმანის დაჯგუფება იყო, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფებაა. არ ვიცი, ამ ხალხს ქართული არაფერი მოსწონს. ვერანაირ ინსპირაციას ვერ პოულობენ, თუნდაც ქართული პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ, უცხოელების მარიონეტები იყვნენ. ჩემთვის ნათელია, რომ ეს არის სცეპსამსახურების პროექტი. ამ პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე ინფორმირებულია სუს-ი. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა არის ბლაჟევიჩის და სხვების. ამის ეჭვი ძალიან რეალურია. კარგია, რომ არაფერი იმალება. ეს გაკვეთილი უნდა იყოს სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის, რომ საქართველოში ასეთი მავნებლობა არ იმალება. ყველამ ყველაფერი ვიცით, პატარა ქვეყანა ვართ. ეს პროექტი მაღალი დონის კონსპირაციით მიმდინარეობდა, მაგრამ ამის მიღმა ყველაფერი მარტივად იშიფრება, ყველა ყველას იცნობს. ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოსთვის ძირის გამოთხრას ფარულად შეძლებენ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის ტერიტორიაზე ხდება, რომელიც დღეს იქცა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმის წყაროდ და ადგილად. ამ შემთხვევაში კანდიდატ ქვეყანას, მის სუვერენიტეტს და დემოკრატიას თავს ესხმიან ევროკავშირის ტერიტორიიდან. ბრიუსელმა ქართველი ხალხის მიმართ ნდობა ჩამოშალა და ამ ნდობის აღდგენას წლები დასჭირდება. ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ ბლაჟევიჩი ევროკომისიის ფულით ფინანსდება. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ადამიანით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.












