ნებისმიერ დებატში, სადაც დაუშვებთ ნიკა გვარამიას - ქართული ზიზღის ენის შემქმნელს, გასაგებია იქ რაც მოხდება. გადახედეთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ შინაარსობრივი საუბარი , - განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, იზიარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ცოტნე ივანიშვილის განცხადებას, რომ დებატები ორ მხარეს შორის, რომელთაც სამშობლოს სიყვარული აერთიანებთ, „აკაცუკი, ნაცის ძახილით“ არ უნდა სრულდებოდეს.
„სწორედ ეს ლიდერები - სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, სხვები გახდნენ ისინი, ვინც სიძულვილის ენა აქცია პოლიტიკური დაპირისპირების, გარჩევის ტერმინებად. მედიას მითუმეტეს არ გაგიჭირდებათ და თუ ჩაჰყვებით, როგორ დამკვიდრდა ქართულ მედიაში სიძულვილის ენა, მიაგნებთ ამის პირველწყაროს, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც ზიზღი აქცია ჟურნალისტურ სტანდარტად. თუ დააკვირდებით, ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა, მიაკვლევთ მიხეილ სააკაშვილს, ისევ გვარამიას, რომლებმაც ეს პოლიტიკაში დაამკვიდრეს.
როდესაც პოლიტიკურ დებატებში უხეში და აგრესიული თავდასხმებია, ჩვენც იძულებული ვართ, ვუპასუხოთ და ეს მიემართება გარე აქტორებსაც. არაერთხელ გვითქვამს უცხოელებისთვისაც, რომლებიც ხანდახან დაიწუწუნებენ ხოლმე, რატომ არის კრიტიკა ელჩის, თუ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მიმართ, რომ როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, მათ შორის ვერბალური, იძულებულები ვართ ვუპასუხოთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დებატები არ უნდა მთავრდებოდეს სიტყვებით - აკაცუკი და ნაცი.
„ფაშისტური შეძახილი - მონა დაამკვიდრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ და ზოგიერთმა ელჩმა, რომელმაც გვერდში დაიყენა სურათებში ფაშისტები და ამბობდა, რომ ეს გახლავთ საქართველოს მომავალიო. [სიტყვებით აკაცუკი და ნაცი] არ უნდა მთავრდებოდეს რა თქმა უნდა დებატები. ის ინიციატივა, რაც აქვს „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, სადაც მიდის დებატები, ხედავთ და ჩვენც ვცდილობთ ვაჩვენოთ, რა უნდა იყოს პოლიტიკური დებატის სტანდარტი. მგონი რთულად გაიხსენებთ ერთ შემთხვევასაც კი, სადაც რაიმე ასეთი ტერმინოლოგიით იყო [დებატების მიმდინარეობა]. როდესაც ვერბალურად თავს გვესხმიან, ნურავინ იფიქრებს, რომ დავდგებით და ასე მოვუსმენთ. ყველა მიიღებს პასუხს. პირველწყაროა აქ პრობლემა, ის, ვინც დაამკვიდრა ზიზღის ენა, მისი ადგილი დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყოს. ნებისმიერ დებატში, სადაც დაუშვებთ ნიკა გვარამიას - ქართული ზიზღის ენის შემქმნელს, გასაგებია იქ რაც მოხდება. გადახედეთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ შინაარსობრივი საუბარი და მიზეზი მარტივია - ვინაიდან არ აქვთ შინაარსობრივი არგუმენტები, პოზიციები, რომელსაც დაიცავენ, აქვთ დავალება რამენაირად თავს დაესხან ხელისუფლებას, სხვა გზა არ რჩებათ, რომ ლანძღვით გაიტანონ თავი. ამაში მათ მხარს უბამენ გარედანაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











