არავის მივცემთ საშუალებას, საკუთარი პერვერსული რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს „ქრონიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, პაპუაშვილს ჰკითხეს: „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იგორ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას ტრენინგი ჩაუტარა და ახლა მათ რევოლუციურ სცენარს უწერს. ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, აზიარებს ფოტოებს აქციიდან. ვიცით, რომ კონფერენციაზე მასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გია ნოდიამ და თინა ხიდაშელმა“.
„არ ვიცი, თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება. წარსულის სამწუხარო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ არის ხოლმე ასეთი შემთხვევები რეალობას მოწყვეტილი. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებდა იმას, რა არის დღევანდელობის ყველაზე დიდი ბოროტება. ეს არის სუვერენიტეტის ჩუმი, თითქოს არაძალადობრივი და ამავე დროს, ყველაზე მზაკვრული ხელყოფა, როდესაც უცხო ცდილობს, ხელი აფათუროს სხვა ერის ცხოვრებაში. ამაზე დიდი ბოროტება დღეს რთულია, წარმოიდგინო, ვიდრე ის, რომ ქვეყნები, ჯგუფები, თუ ადამიანები სხვა ერების ცხოვრების არევას ცდილობენ. ალბათ ეს ეხმიანება მათ შორის კონფერენციაზე ჩემს გამოსვლას, რომ მთავარი გამოწვევა დღეს მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ არის სწორედ გარე ჩარევა. რა თქმა უნდა, პირადად დავინტერესდები ამ საკითხით. არ ვიცი, ჩეხეთის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება შეიცვალა, მე იმედი მაქვს, ახალი ხელისუფლება დაინტერესდება, ამის უკან სახელმწიფო დაფინანსება დგას თუ არა, ყველაფერს ჩავყვებით დეტალურად. არავის მივცემთ საშუალებას, საკუთარი პერვერსული რევოლუციური გეგმები საქართველოში განახორციელოს. ყველამ საკუთარ ქვეყანაში მოაწყოს იმდენი რევოლუცია და გადატრიალება, რამდენიც უნდათ. შეეშვან საქართველოს, საქართველოს არევას. გვეყო წარსულში რაც გარედან ურიეს. რაც კი ზიანი მიგვიღია, მიგვიღია სწორედ ასეთი არამკითხე მოამბეების საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











