მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება – ცალმხრივი.

„ნება მომეცით, ვისაუბრო ჩემს რეგიონზე – სამხრეთ კავკასიაზე. ერთ დროს არასტაბილურად მიჩნეული რეგიონი დღეს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის მოქმედი სუვერენიტეტის შედეგი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. სტაბილურობაც მყარდება, როდესაც სუვერენიტეტს პატივს სცემენ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ. გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას. ჩვენ გავაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას. ხოლო პარლამენტი, რომელიც მნიშვნელობას კარგავს, ვერ დაიცავს სუვერენიტეტს. მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ – ჩვენს დროში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს. ჩვენ უნდა გავცდეთ უბრალო დეკლარაციებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპებში მკაფიო, გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება. სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება – ცალმხრივი. ჩვენ ამას თუ შევძლებთ, არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოებს – გავაძლიერებთ მშვიდობას, აღვადგენთ ნდობას და უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.