გაურკვევლობის ეპოქაში ეროვნული პარლამენტების ხმა არ უნდა შესუსტდეს, არამედ – გაძლიერდეს. ჩვენ არ ვართ ისტორიაზე დამკვირვებლები. ჩვენ მისი ავტორები ვართ. სწორედ ჩვენს დარბაზებში ყალიბდება ერების სუვერენული ნება. სწორედ ჩვენი საშუალებით საუბრობს ხალხი – მკაფიოდ, ლეგიტიმურად და დამაჯერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ხმა არასდროს შესუსტდეს, არასდროს დაიჩრდილოს და არასდროს ჩანაცვლდეს“.

„ხშირად გვესმის, რომ გლობალური წესრიგი სუსტდება. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ ერთი საბაზისო საკითხი უცვლელი რჩება: ეროვნული ინტერესი. ეს არის საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ჭეშმარიტი კომპასი – არა აბსტრაქტული დოქტრინები, არა თავსმოხვეული იდეოლოგიები, არა ხელოვნური ღირებულებათა სისტემები, რომლებიც ხალხის ნებას არის მოწყვეტილი. ნებისმიერი სისტემა, რომელიც ცდილობს ეროვნული ინტერესის გადაფარვას, საბოლოოდ ჩამოიშლება, რადგან ის, რაც ხალხში არ არის ფესვგადგმული, დიდხანს ვერ იარსებებს. ნამდვილი საერთაშორისო თანამშრომლობა ილუზიაზე არ შენდება. ის რეალობაზეა დაფუძნებული და რეალობა მარტივია: ერები საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. როდესაც ეს ინტერესები დემოკრატიული ნებით არის გამოხატული, თანამშრომლობა ძლიერდება, მშვიდობა ხდება უფრო მდგრადი და წესრიგი – უფრო სტაბილური.

დღეს ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე: ეს არის საგარეო ჩარევა. ინფორმაციული ომებისა და უხილავი გავლენების ეპოქაში, სუვერენიტეტის დაცვა მხოლოდ საზღვრებზე აღარ ხდება, არამედ ჩვენს ინსტიტუტებსა და საზოგადოებებში. ჩვენი პოლიტიკური სისტემების მთლიანობის დაცვა აღარ არის არჩევითი, არამედ აუცილებელია. სწორედ ამიტომ მოქმედებენ ქვეყნები. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთელ მსოფლიოში საკანონმდებლო ჩარჩოების ჩამოყალიბებას: უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატიის ფარი ევროკავშირში, საგარეო ჩარევის კანონი საფრანგეთში, უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა (FIRS) გაერთიანებულ სამეფოში ან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი საქართველოში. მიუხედავად განსხვავებული სახელწოდებებისა, სამართლებრივი ფორმა ეძლევა ერთ საერთო პრინციპს: დემოკრატია უნდა ყალიბდებოდეს ხალხის მიერ და არა უცხოური ძალის მიერ. და მაინც, არსებობს ორმაგი სტანდარტები. ის, რაც ერთ ქვეყანაში „დაცვად“ მიიჩნევა, სხვაში „შეზღუდვად“ ფასდება. ის, რაც ერთ სისტემაში ქებას იმსახურებს, სხვაში გაკიცხვის საგანი ხდება. ეს შეუსაბამობა ნდობას ძირს უთხრის. თანამშრომლობას თუ სერიოზულად ვუდგებით, წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

„ნება მომეცით, ვისაუბრო ჩემს რეგიონზე – სამხრეთ კავკასიაზე. ერთ დროს არასტაბილურად მიჩნეული რეგიონი დღეს უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ხდება. ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის მოქმედი სუვერენიტეტის შედეგი. საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. სტაბილურობაც მყარდება, როდესაც სუვერენიტეტს პატივს სცემენ. საქართველოს პარლამენტში ჩვენ ეს არჩევანი მკაფიოდ გავაკეთეთ. გავაძლიერეთ გამჭვირვალობა, დავხვეწეთ ჩვენი კანონმდებლობა და ვიმოქმედეთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდეს ხალხს და არავის სხვას. ჩვენ გავაგრძელებთ რეალობაზე მორგებას, რადგან პარლამენტი, რომელიც რეალობას არ ასახავს, დაკარგავს მნიშვნელობას. ხოლო პარლამენტი, რომელიც მნიშვნელობას კარგავს, ვერ დაიცავს სუვერენიტეტს. მშვიდობა არასდროს არის გარანტირებული. მშვიდობა პასუხისმგებლობაა. ის მოითხოვს სიფხიზლეს, თავშეკავებასა და გრძელვადიან ხედვას. ძლიერი ინსტიტუტები, გამჭვირვალე სისტემები, მომავლისკენ მიმართული კანონები ტექნიკური დეტალები კი არა, მშვიდობის საფუძველია. სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა ვაღიაროთ საგარეო ჩარევა და ჰიბრიდული ომი იმად, რასაც ისინი წარმოადგენენ – ჩვენს დროში დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს. ჩვენ უნდა გავცდეთ უბრალო დეკლარაციებს. ჩვენ უნდა შევქმნათ საერთო, სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო ჩარჩო, რომელიც პრინციპებში მკაფიო, გამოყენებისას სამართლიანი და აღსრულებაში თანმიმდევრული იქნება. სუვერენიტეტი ვერ იქნება შერჩევითი და უსაფრთხოება ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენ ამას თუ შევძლებთ, არა მხოლოდ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოებს – გავაძლიერებთ მშვიდობას, აღვადგენთ ნდობას და უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, სამართლიან საერთაშორისო წესრიგს მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.