საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუკი ვინმეს კეთილსინდისიერება არის შესამოწმებელი, ეს არის საქართველოს ენჯეოსექტორი.
„გაიხსენეთ მათი ტროიკების განცხადებები, როდესაც ამხანაგურ სასამართლოებს აწყობდნენ ამ საკითხებზე და გამოიტანეს განაჩენები, გადაწყვეტილება, რომ ნიკა გვარამია არათუ მართალია ამ საქმეში, თურმე დანაშაულიც კი არ არსებობდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ასევე, შესამოწმებელია ყოფილი სახალხო დამცველის კეთილსინდისიერება.
„ვინმეს კეთილსინდისიერება თუ არის შესამოწმებელი, ეს არის ასევე ყოფილი სახალხო დამცველი, რომელმაც სასამართლოსაც კი მიმართა თავისი დასკვნით და ამბობდა, რომ არათუ მართალია ნიკა გვარამია, დანაშაულიც კი არ არსებობს. ყოფილმა სახალხო დამცველმა აშშ-ის, საფრანგეთის მედალი მიიღო და არის ტაშდაკრული ყოფილი სახალხო დამცველი. დღეს აშშ-ის საელჩოში მუშაობს მისი ყოფილი მოადგილე, ის, ვინც მაშინ ზუსტად ეს ყალბი დასკვნა შეადგინა. სწორედ ის თავდასხმები, რომლებიც ხდებოდა, ქმნის შემდეგ აღქმებს ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. შემდეგ გვიბრუნდებიან იგივე აქტორები, ელჩები თუ სხვა უცხოელი აქტორები და გველაპარაკებიან, რომ საქართველოში არსებობს რაღაც აღქმა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ თუ ვინმეს აქვს ეს აღქმები, შექმნილია სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი განცხადებებით, ყოფილი ელჩებისა, ენჯეო სექტორისა, რომელიც ფინანსდება შემდეგ ამ საელჩოებიდან, ამ წყაროებიდან. დაფინანსების წყაროები გაუმჭვირვალეა, ეს პრობლემა კიდევ ცალკე დგას. თავისივე შექმნილ აღქმებზე გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა გადამოწმდეს“, –განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.