ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელ, ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, სადაც „კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, ვინ მოიაზრება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით დამდგარია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა“.
მისი თქმით, „როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს დასადასტურებლად, ცილისმწამებელი ხარ“.
„Slander – “the utterance of false charges or misrepresentations which defame and damage another’s reputation” (Merriam-Webster Dictionary). ცილისწამება – „ცრუ ბრალდებების ან დამახინჯებული ცნობების გაჟღერება, რაც სხვას ცილს სწამებს და მის რეპუტაციას აზიანებს“ (მირიამ-ვებსტერის ლექსიკონი).
როდესაც გამუდმებით ამტკიცებ, რომ არსებობენ „თვითნებურად დაკავებული პირები“, მაგრამ ვერ ასახელებ ვერცერთ ფაქტს, რომელიც ამას დაადასტურებდა და ვერც იმას, კონკრეტულად ვინ არიან ეს პირები, ცილისმწამებელი ხარ. ასეა ეს მირიამ-ვებსტერის ლექსიკონითაც და სულხან-საბას „სიტყვის კონითაც“.
ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აშორებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილისწამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.










