შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის, ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში, იქიდან კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონრებისთვის წართმეულ ფულს. შავი ფული ეს არის. ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართული, მათ შორის თავშესაფარი რომ აქვს მიღებული ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს, ეს არის პრობლემა და ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორიშიც არის.
„იცით, რომ ყალბი სქემებია მოწყობილი ზოგიერთ პარტიასთან. ოპოზიციური პარტიის უმეტესობას აქვს პირდაპირ მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როცა უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ისინი საქართველოს ინტერესს არ ატარებენ, ისინი ატარებენ საკუთარი დამფინანსებლის ინტერესებს. ამიტომ, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, როდესაც ჩვენს ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან, მიუხედავად იმისა, ეს არის უცხოური რაიმე ორგანიზაციის მხრიდან შემოსული თანხა თუ ეროვნებით ქართველი დავით კეზერაშვილისგან, რომელიც უცხოეთშია და ამ შემთხვევაში როგორც უცხოეთიდან მოქმედი ადამიანი, ისე შეგვიძლია განვიხილოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა, შესაძლოა, აეკრძალოთ, პაპუაშვილის განმარტებით, ეს არის ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.
„რაც შეეხება თავად ამ ცვლილებას, რაიმეს ცვლის თუ არ ცვლის, თუ უკეთესობისკენ არ ცვლის, ხომ არც აფუჭებს, ყოველ შემთხვევაში, ხომ არის ეს რეკომენდაცია, ვნახოთ, აბა, დაუჭირონ მხარი ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებას. ეს არის უმარტივესი საკითხი, მათ შორის, მათთვისაც. მე ვთქვი კიდეც ჩვენს შეხვედრაზე, მათ შორის, ჩემთან რომ იყო შეხვედრა პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა, ყველა თანხმდება, არავინ წინააღმდეგი არ იყო და უცებ კამერების წინ იწყებენ პოზიორობას და კრიტიკას. მომავალ კვირას სხდომათა დარბაზში გაირკვევა, ისინი ევროპელები არიან მხოლოდ სიტყვით, თუ ცოტა საქმესაც გაურევენ ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ რა ცვლილებებია კიდევ მოსალოდნელი, შალვა პაპუაშვილი პასუხობს:
„კიდევ უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი 59 გვერდის შესრულებას. ეს მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი წინადადებაა თითქმის 60-გვერდიან სამოქმედო გეგმაში. ეს არის დასაწყისი და იქ არის სხვა სფეროები, მათ შორის, კონკურენციის საკითხები, საჯარო შესყიდვების საკითხები და ა.შ. სადაც საქართველოს ხელისუფლება, გაწერილი გეგმის შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ამ პროცესს. სამოქმედო გეგმას ჩახედოს ყველამ, ეს საკითხი წერია ზუსტად იქ, ევროკომისიასთან შეთანხმებულია, ვადებიც მითითებულია და ამ ვადების მიხედვით მოხდება“.