„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული, სანქცირება დანაშაულისა, არის არა მხოლოდ რაღაც წლებში, ჯარიმაში, თუ სხვა ასეთ სანქციაში გამოხატული სასჯელი, არამედ, ამავე დროს, არის საზოგადოების მხრიდან გაკიცხვა ქმედებისა, როგორც დანაშაულისა. ქმედებას უნდა ერქვას თავისი სახელი და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ დანაშაულის სათაურით და დასახელებით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში მისი მნიშვნელობის დაკნინება. ის, რაც არის სამშობლოს ღალატი, არის სამშობლოს ღალატი. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"ამის ჩამოყვანა რაღაც ტექნიკურ ტერმინებამდე, ზუსტად განზრახვა იყო მაშინ, რომ ყოფილიყო რიგითი დანაშაული, რომელიც შეიძლება უდრიდეს რაღაც სხვა დანაშაულებს, რომლებიც შეიძლება ყოფით გარემოში მოხდეს. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაულები, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, სამშობლოს ღალატს უნდა ერქვას სამშობლოს ღალატი და არა რაღაც ტექნიკური დასახელებები. ზუსტად ეს უნდოდათ მაშინ, რომ გაექროთ, დანაშაულის სიმძიმე, მნიშვნელობა, ასევე საზოგადოების მხრიდან ამ დანაშაულის გაკიცხვის მნიშვნელობა, თუ მასშტაბი შეემცირებინათ და რაღაც ტექნიკურ დანაშაულის დონემდე დაეყვანათ. სწორედ ამიტომ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის, რაც არის სამშობლოს ღალატი, უნდა იყოს არა უბრალოდ ჩაშლილი სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობაში, რომელშიც შემდეგ საზოგადოებას ჩაკარგავ, არამედ იმას, რაც ჩვენი სამშობლოს ინტერესების ღალატია, უნდა დაერქვას პირდაპირ სამშობლოს ღალატის სახელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო კოდექსიდან“.