გუშინ ნახეთ, რომ არ აპირებს მისცეს ჩვენება და ახალი განმარტება მოგვცა მან ქართული თუ ზოგადად, სისხლის სამართლის სისტემის. ამბობს, რომ მე დავაბრალე და მათი ამოცანაა რომ გამოიძიონ,  -  ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე მისვლაზე უართან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა 17-ჯერ იყო შესაძლებელი, რაც ნიშნავს, რომ რომ მას დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონდა გაყალბების მეთოდოლოგიაზე, ამიტომ, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. 

„მე ვთქვი, რომ ვიღაცა არის სპილო, ახლა მათ მოიძიონ მტკიცებულებები, რომ ოთახში არის სპილო, რატომ უნდა მოვიტანო რაიმე მტკიცებულება - ეს თქვა გუშინ ქალბატონმა სალომემ, რომელიც წლები იყო პარლამენტის წევრი, წლებია, არის საქართველოს პრეზიდენტი და ელემენტარულ სამართლებრივ საკითხში ვერ ერკვევა. მან თქვა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში: არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა კარუსელი, როგორიც არის ერთი პირადობის მოწმობით, ხმის მიცემა, დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი. ეს არის პირდაპირი ბრალდება, რომ ერთი მოწმობით 17-ჯერ შესაძლებელია, ხომ არ თქვა 16, არ თქვა 18, არც 19 უთქვამს - 17 თქვა იმიტომ, რომ რაღაც დაზუსტებული ინფორმაცია აქვს მეთოდოლოგიასთან და გამოყენებულ მეთოდებთან დაკავშირებით. ამიტომ გამოვიდეს და თქვას, რატომ 17? რატომ არ თქვა 16 ან 19. ეს ხომ არ არის რაღაც ზოგადი განცხადება „ვფიქრობ რომ იყო დარღვევები არჩევნების დროს“ -  თქვა პირდაპირ კონკრეტული ბრალი, კონკრეტულად რა არის გაკეთებული, რომ ერთი პირადობით 17-ჯერ იყო ხმა მიცემული. ან თქვას, რომ ის ჭორაობდა და ამ ჭორაობით იყო დაკავებული საერთაშორისო პრესასთან და ძირს უთხრიდა ქართველების რეპუტაციას, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.