მე ვიმყოფები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრს აქვს ვიზიტი ბრიუსელში, ამით არის დაკავებული დღეს ხელისუფლება, რომ საქართველოს ჰქონდეს წინსვლა ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, საპირისპიროდ, ოპოზიცია ყოველდღე ფიქრობს ინსტრუმენტებზე კონფრონტაციისა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „საგამოძიებო კომისიაც სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის, რადიკალიზაციის“.

„ეს არის, რასაც ისინი საერთო ჯამში ბოლო ორი წელია, აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვნახეთ, რომ მცდელობები იყო დესტრუქციისა. ამიტომ, ეს ვინაიდან არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ოპოზიციის, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან, ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას, რომელმაც ბევრმა მაშინ ინანა, დაიშალნენ, ნაწილი შემოვიდა პარლამენტში, ნაწილი უფრო მოგვიანებით. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, რომელშიც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.