„საქართველოს ფოსტამ“ საზოგადო მოღვაწის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ანზორ ერქომაიშვილისა და პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის - თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გამართა.
მარკები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გამოიცა. იდეის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
„დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ დიდი ქართველი ეთნომეცნიერები - ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და ქალბატონი თამარ მამალაძე. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ფოლკლორის გადარჩენასა და კვლევაში. მადლობას ვუხდი „საქართველოს ფოსტასა“ და ეკონომიკის სამინისტროს იმისთვის, რომ დღეიდან, ამ დიდი ადამიანების ხსოვნის უკვდავყოფა, საფოსტო მარკის სახით, კიდევ ერთი ფორმით გახდა შესაძლებელი“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.









