ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა სტრასბურგის სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა, ცრუ ბრალდებების გამავრცელებლებს ისღა დარჩენიათ, ქართველ ამომრჩეველს ბოდიში მოუხადონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული კანონის „რუსულ კანონად“ დაბრენდვა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული სპეცოპერაცია იყო.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გუშინ რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც ეხება მოქმედ კანონს „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ეს ის კანონია, რომელზეც ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის მთელი კამპანია, სათავეში კი იდგნენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები.ტერმინით, „რუსული კანონი“ ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუხულასავით ჩამოშალა. მთელი ეს კამპანია, რომელშიც ჰქონდათ მილიონობით ფული ჩასხმული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა ქართველი ხალხის და საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ. ჩამოშალა კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია.

გახსოვთ „რუსთავი ორის“ საქმე, გვარამიას საქმე, სააკაშვილის საქმე, მელიას საქმე, სადაც ზუსტად იგივე აქტორები ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი აქტორები ქმნიდნენ ყალბ ნარატივებს, თითქოს ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენები იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო – სტრასბურგის სასამართლო ბოლოს წერტილს უსვამდა ამას. როგორც გახსოვთ, „რუსთავი ორის“ საქმეზე არავინ ბოდიში არ მოიხადა, არცერთმა პოლიტიკოსმა თუ უცხოელმა დიპლომატმა. როგორც გააკეთა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გვახსოვს ჩვენ ევროკავშირის 27 წევრის დემარში იუსტიციის სამინისტროში ყალბი საფუძვლით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სულ რამდენიმე კვირაში ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დემარში იყო აბსოლუტურად ცრუ და არანაირი საფუძველი მას არ ჰქონდა. მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან დიპლომატმა, იგივე იყო გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე, სამწუხაროდ ასე ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს და შემდეგ ბოდიშს არავინ არ იხდის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ რუსეთში მოქმედ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებით, პასუხი გასცა ყველა იმ აქტორს, რომელიც ცრუ ნარატივებს ავრცელებდა საქართველოს მისამართით.

„რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზუსტად დაასახელა ის 6 პუნქტი, რომელიც არის რუსეთში მოქმედ კანონში შეუსაბამო ადამიანის უფლებათა კონვენციასთან. პირველი – ვალდებულება, რომელიც ეკისრება ორგანიზაციებს ყველა გამოცემა დაბრენდონ ანუ ბრენდირება მოახდინონ როგორც უცხოელი აგენტის წარმოებული. არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის და საერთოდ არანაირი ტერმინი აგენტთან დაკავშირებით არ არის.მეორე – ასეთი ორგანიზაციები ყოველგვარი საარჩევნო პროცესისგან გამორიცხულები არიან , არანაირად მსგავსი ქართულ კანონმდებლობა არ არის, მესამე – პროფესიული სასწავლო პროგრამების აკრძალვა – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის.

მეოთხე – ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის და ასევე არაპროპორციული სანქციები, კერძოდ ჯარიმები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის გაუქმება, არაფერი მსგავსი ქართულ კანონში არ არის. ეს არის ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს პასუხი ოპოზიციის ყველა იმ წარმომადგენლის, „ენჯეოს“ მიმართ თუ უცხოელი აქტორის მიმართ, რომლებიც ეს პერიოდია ცრუ ბრალდებებს აყენებს და ცრუ ნარატივებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით; ბედავენ, რომ ქართულ კანონმდებლობას უწოდონ რუსული კანონი, ამით იმუშაონ ადამიანების ემოციაზე, რაც ჩვეულებრივი მავნე დეზინფორმაციის მეთოდებია, ამიტომ ჩამოიშალა მათი პროპაგანდა რუსულ კანონთან დაკავშირებით. ახლა მათ რაც დარჩენიათ, არის ბოდიშის მოხდა ქართველი ამომრჩევლისადმი, იმ მავნე დეზინფორმაციის გამო, რაც აკადრეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.