„გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმზე, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ, მაგრამ გარეთ არავინ საუბრობდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, ეს საქართველოსთვის იქნებოდა დამღუპველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

"გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს პრემიერს და ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმზე. რა იქნებოდა და რა დაგვრჩებოდა საქართველოში?! დაგვრჩებოდა დანგრეული ეკონომიკა. დათვლილია, 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა. ეს ჩვენ ვიცით. ეს ხომ არ არის თეორია, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ემბარგოს სტილის ურთიერთობა რუსეთთან. ეს ძალიან ადვილი გასათვლელი იყო ეკონომიკის მხრივ.

რაც შეეხება მეორე განზომილებას, ეს არის სამხედრო კონფლიქტის შანსი, რომელიც ძალიან რეალური ხდებოდა, თუკი ჩვენ შევიდოდით რუსეთთან ესკალაციაში. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის წყალობით, სადაც პირველად ღიად ჩაიწერა, რომ სანქციებს გვთხოვენ, დღეს ყველამ ვიცით, ახლა გამოვიდა გარეთ, რაც აქამდე ხდებოდა დახურულ კაბინეტებს შიგნით. აქამდე რატომ არავინ გამოიტანა ეს საკითხი გარეთ და თუნდაც მედიასთან კომენტარებში ერთი-ორ ვინმეს თუ გაეპარებოდა, რომ სანქციებს ითხოვდნენ?! არადა ზუსტად კაბინეტებში რომ იყვნენ ჩვენთან, სანქციებს ითხოვდნენ. ამაზე გარეთ არანაირი კომენტარი არ იყო, რადგან კარგად იცოდნენ, ეს იყო საქართველოსთვის დამღუპველი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.