როცა ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ფულს უხდიდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მისი დაფინანსებით იყო დაკავებული, საზოგადოება კითხვებზე პასუხს ელოდება, ევროკავშირის ელჩს კითხვებით მედია მიმართავდა, ამაზე პაველ ჰერჩინსკი დუმდა და მილიონ 200 ათასი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, რომლის მაგინებელს ფულს აძლევდა, ასევე პასუხის ღირსად არ ჩათვალა ქართული მედია, თუმცა ქართველი ხალხის მაგინებელს პოსტით გამოეხმაურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ესეც აჩვენებს, სად დგას ევროკავშირის წარმომადგენლობა თავისი ღირებულებებით, რომელიც მილიონ 200 ათას ადამიანს პასუხის ღირსად არ თვლის და კორძის ინსტრაგრამ პოსტს იქვე გამოეხმაურა ლამის ბოდიშებით, რომ შეხვედრა გაუქმდა“.
„როგორც იქნა, ევროკავშირის ელჩმა გააცნობიერა, რომ ზიზღის და ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია საქართველოში. შეიძლება, მისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია და საქართველოში ისე უნდა მოოქცეს, როგორც ქართულ კულტურას და ქართულ საზოგადოებას ეკადრება. ამის იმედი მქონდა, თუმცა ამ განცხადებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ის ვერაფერს ვერ მიმხვდარა. ამდენი წელია საქართველოშია და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს, საქართველო და ქართული საზოგადოება. ეს არის დაცინვა. ის, რომ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ქართული კულტურული მემკვიდროებას უფრთხილდება, აბსურდია. პაველ ჰერჩინსკი გვეუბნება, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. გვეუბნება, რომ მონის წოდება ან ფაშიზმი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაა. პაველ ჰერჩინსკის თუ ქართველები ფაშისტები ვგონივართ და ქართველებისთვის საჯაროდ დედის გინება მოსულა, მაშინ ამ ადამიანს მართლა ვერაფერი გაუგია. თუ მისი სტანდარტია, რომ გამოხატვის სტანდარტია დედის გინება, ამას მხედველობაში მივიღებთ, რომ დედის გინება ევროპული სტანდარტი ყოფილა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სამარცხვინოა, რომ პაველ ჰერჩინსკისგან საქართველოში ძალადობის დაგმობა არავის მოუსმენია.
„4-5 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციას თავს დაესხნენ და ერთი სიტყვა არ დაცდენია, ამის ნაცვლად ადამიანს ესარჩლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას დედას აგინებს. ეს მართლა სირცხვილია და არ ვიცი, ამაზე ქვემოთ დაშვება, რომელმა ელჩმა შეიძლება იკადროს – კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლება უწოდოს საჯაროდ დედის გინებას. ახლა მაინც ხომ ხვდებით, ვინ არის საქართველოში წამქეზებელი სიძულვილის. ევროკავშირის საელჩოს განცხადება პირდაპირ წაქეზებაა სიძულვილის ენის, დედის გინების, მონის წოდების, ფაშიზმის, რადიკალიზმის. ამით წახალისებით არის დაკავებული ევროკავშირის საელჩო. მართლა სირცხვილია, რომ ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ, როგორმე ხელისუფლებაში „ნაცები“ მოიყვანონ და მზად არიან, რომ მთელ საზოგადოებაში ღვარძლი და დათესონ და რადიკალიზმი შემოიტანონ. იმედგაცრუებული ვარ, პაველ ჰერჩინსკის ამ ქმედების გამო, რომელმაც ქართველ ხალხს ამ ქცევით აჩვენა, რომ თურმე, ჩვენი კულტურა დედის გინებაა, მონას ძახილი, ფაშიზმი. ამ ადამიანმა ის გაიგო საქართველოსგან, რომ დედის გინება და მონის ძახილია ჩვენი კულტურა? – მერე გამოდის, დიდი ამბით, დამტვრეული ქართულით რაღაცებს ლაპარაკობს. მისი დამტვრეული ქართული ვის რაში სჭირდება, თუ ასეთ რამეს აკადრებს ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც ცნობილია, ფესტივალზე „კამარა“ მიწვეული იყო მუსიკოსი „კორძი“. მმართველ გუნდში აცხადებდნენ, რომ მუსიკოსმა თავის დროზე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.
დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა განცხადება და სინანული გამოთქვა ფესტივალ „კამარას“ გადადების გამო.












