საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღდგენას ბარიერად ეღობება რადიკალიზმი, რომელიც ევროპული ფონდების მიერ არის წახალისებული და დაფინანსებული.

მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩმა საჯაროდ წაახალისა დედის გინება, რაც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია და ელჩი ისე უნდა მოიქცეს, როგორც საქართველოს ეკადრება.

"როგორც გავიგეთ დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან, დედის გინებით უნდათ ალბათ დიალოგის აღდგენა, - ასეთ ფორმატში ვართ სამწუხაროდ, დღეს ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედისგინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა. არ ვიცი, პოლონეთში, მის სამშობლოში დედის გინება ჩვეულებრივი რამე თუ არის, საქართველოში ასე არ არის და მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება.

რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, - როგორც კი ევროკავშირი, სხვადასხვა ინსტიტუციები, თავს დაანებებენ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ის ურთიერთობების აღდგენის გზა. დღეს ბარიერად ამ ურთიერთობებში დგას რადიკალიზმი, რომელიც წახალისებული და დაფინანსებული არის ევროკავშირის სხვადასხვა ფონდების მხრიდან, მათ შორის, პოლიტიკური განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს ევროკავშირის ელჩმა საჯაროდ, პირდაპირ წაახალისა დედის გინება საქართველოში და კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა. ასე რომ, რადიკალიზმის წახალისება როგორც კი მორჩება, ავტომატურად, ბუნებრივად აღდგება უკვე ეს ურთიერთობები, ვინაიდან რადიკალიზმი არის ის, რაც დგას დღეს ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს შორის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.