ოპოზიციის ურთიერთბრლადებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივ ჭრილში ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისთვის და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი არგუმენტაციების კიდევ გამრავლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ადასტურებს ყველაფერს, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა.

„იმედია, ასე გაგრძელდება და კიდევ მეტი ბრალდებებიც იქნება, რადგან ყოველი ამ ბრალდებით სინამდვილეში საზოგადოება იღებს დასტურს იმაზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. რასაც ჩვენ ვამბობდით, ყველაფერს ადასტურებენ საკუთარი აღიარებით. აღიარებენ, რომ შავი ფულით აწარმოებდნენ კამპანიას, აღიარებდნენ, რომ გარედან დაფინანსებები ჰქონდათ. აღიარებენ, ჩარევები როგორი იყო. აღიარებენ, რომ ერთი ფრონტი იყო – 4; 5; 9 და 25 ყველა ერთი იყო. ეს ყველაფერი არის აღიარებები, რომელიც, ერთის მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივ ჭრილში ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისთვის და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი არგუმენტაციების კიდევ გამრავლებისთვის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად შეაფასოს, თუ ვისთან აქვს საქმე. ეს არის, რომელზეც ფსონს დებენ უცხო ძალები. ასე ხედავენ, ასე აფასებენ ქართველებს, რომ გვარამიას, სააკაშვილის, ხაზარაძის და მსგავსი ადამიანების მიმდევარი შეიძლება, იყოს ქართველი ხალხი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, წითელი ხაზი ხომ არ იყო 4 ოქტომბერი და ოპოზიციის ჩაშლილი კამპანია, მაშინ როდესაც არჩევნებში „ლელოს“ მონაწილეობის გამო დაპირისპირება გამძაფრდა „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის, პაპუაშვილი აცხადებს, რომ არც მაშინ ყოფილა რაიმე განხეთქილება და დაპირისპირება და არც ახლა არ არის.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ჩაეშალა ხელისუფლების დამხობა და ადამიანები ციხისთვის გაწირეს.

„4 ოქტომბერს მათი ერთიანი კამპანია იყო. დილით არჩევნებზე და საღამოს რუსთაველზე, ეს მათი კამპანია იყო, რომ ორივე ფრონტზე ჰქონდათ საცეცები გაშლილი. ასე რომ, არც მაშინ იყო არც განხეთქილება და დაპირისპირება, და მით უმეტეს, არც ახლა არ არის. ჩაეშალათ ხელისუფლების დამხობა, გაწირეს ადამიანები ციხისთვის, ხანგრძლივი სასჯელებისთვის. ახლა ამ ადამიანებისგან იღებენ უკმაყოფილებას, რადგან მიატოვეს ციხეში. მათაც მიატოვეს, მათმა უცხოელმა მფარველებმაც მიატოვეს. აიყვანეს ბარიკადებზე, ჩაადენინეს დანაშაული საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და შემდეგ მიატოვეს ციხეში. რა თქმა უნდა, წნეხი აქვთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ციხეში სხედან. ესენი კი არიან კარგ გუნებაზე, არაფერს არ იკლებენ. ადამიანები მათი ქცევის გამო არიან ციხეში. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს მათი დანაშაულია იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ციხეში არიან.

ერთადერთი, რასაც ახლა ისინი უნდა აკეთებდნენ, მოუწოდებდნენ ამ ადამიანებს, რომ აღიარონ საკუთარი დანაშაული და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, წავიდნენ საპროცესო შეთანხმებებზე, რომ ამით იქნებ, რამენაირად შეუმსუბუქონ მათი, ამ პარტიების დანაშაულით გამოწვეული ის სანქციები და სასჯელები, რომლებიც მათ მიუსაჯეს სასამართლომ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.