საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან იმ ღონისძიებების დაფინანსება, რომელთა ორგანიზატორებიც მოსახლეობის უმრავლესობას პოლიტიკური ნიშნით შეურაცხყოფენ და მონებს უწოდებენ, ექსტრემიზმისა და ფაშიზმის წახალისებაა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების და იქნება ამის თანამონაწილე, ან გაემიჯნება ამ ქცევას.
"როდესაც ერთი მხრივ არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს, როდესაც ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ორგანიზაცია "გორის კულტურული ცენტრი", თუ არ ვცდები ეს მათი სახელწოდებაა, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებლის და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, ეხლა აქ აღარ ვიცი, რაღა კვლევა და ანალიზი არის საჭირო, გასაგებია, რომ საქმე გვაქვს აბსოლუტურად ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც უბრალოდ სჭირდება გადაწყვეტილება. ასე რომ, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების და იქნება ამის თანამონაწილე, ან გაემიჯნება ამ ქცევას, რომელიც უკვე რადიკალიზმი აღარ არის, ეს არის ექსტრემიზმი და ეს არის, მე არაერთხელ ვახსენე კიდევაც, ეს არის ფაშიზმი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს შემოსაზღვრავ და მათ მონებს უწოდებ, ანუ უწოდებ უუფლებო არსებებს, ამბობ, რომ ესენი არ არიან ადამიანები და სწორედ ეს არის მთავარი დატვირთვა ამ ტერმინის და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი, თანხობრივად ჩარეული ხარ, ნუ რა ღირებულებებზე უნდა ვისაუბროთ, ასეთი ევროპა იყო 100 წლის წინ და ახლა ან 100 წლის წინ ევროპის ღირებულების მატარებელია ის, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანების და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიებას და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის თუ იმ დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩართული არიან ამ ღონისძიებაში,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საუბარია დიპლომატიური უწყების მორიგი გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ღონისძიებას, რომლის მთავარი სცენა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, იმ მუსიკოსს უნდა დაეთმოს, რომლის ავტორობით შექმნილ სიმღერაში ის ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინებს.












