„ჩვენ შეგვიძლია მომავალ თაობას ბევრი დავუტოვოთ - ძლიერი ეკონომიკა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, განათლება, ინსტიტუტები, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მემკვიდრეობა, რომელიც ერთმა თაობამ მეორეს შეიძლება გადასცეს, არის მშვიდობიანი, ერთიანი და თავისუფალი ქვეყანა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასეთი საქართველო გადმოგცეთ ახალ თაობას. თქვენი პასუხისმგებლობა იქნება, კიდევ უფრო ძლიერი საქართველო გადასცეთ შემდეგ თაობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ღონისძიებაზე - „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენს თაობას მშვიდობაზე საუბარი წიგნებიდან და ფილმებიდან არ უსწავლია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ გამოიარა სამოქალაქო დაპირისპირება, ომები, დევნილობა, ტერიტორიების ოკუპაცია და 2008 წლის ომი. ამიტომ ჩვენთვის მშვიდობა აბსტრაქტული სიტყვა არ არის. მშვიდობა არის ცხოვრების გზა, როდესაც შენ მომართული ხარ, იპოვო, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ერთად ცხოვრების, თანაარსებობის ყველა მხრივ მისაღები ფორმა, ძალადობისა და დაპირისპირების გარეშე. დრო გადის. მოდიხართ თაობა, რომელსაც პირადად არ გამოუცდია ის რეალობა, რაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი ოცი წლის განმავლობაში გაგვაჩნდა. ჩვენ სწორედ ამისთვის ვშრომობთ - რომ ახალ თაობას ომის გამოცდილება არ ჰქონდეს.
ამავე დროს, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მშვიდობის გამოცდილებაც გადავცეთ. მშვიდობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. მშვიდობა არის პასუხისმგებლობა, ცოდნა და უნარი. უნარი, რომ რთულ მომენტში ემოციას არ აჰყვე. უნარი, რომ განსხვავებული აზრი მტრობად არ აქციო. უნარი, რომ პროვოკაცია სიმამაცედ არ ჩათვალო და უნარი, რომ სხვისი ინტერესისთვის საკუთარი ქვეყანა საფრთხეში არ ჩააგდო. და რაც ყველაზე რთულია, მშვიდობა არის უნარი, რომ მტრად ქცეულ ადამიანთან ერთ დღეს ისევ საუბარი შეძლო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მანვე მსოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე, მშვიდობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ გარშემო კვლავ მიმდინარეობს ომები. ადამიანები კვლავ იღუპებიან, ქალაქები ნადგურდება, მილიონობით ადამიანს საკუთარი სახლის დატოვება უწევს. ასეთ სამყაროში ადვილია ომზე ლაპარაკი. გაცილებით რთულია მშვიდობის შენარჩუნება. ადვილია სხვისთვის თავგანწირვისკენ მოწოდება. გაცილებით რთულია საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რა მოხდება ამ მოწოდების შემდეგ.
სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობაც სწორედ აქ იწყება - გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრო არა იმაზე, რამდენად ხმამაღლა ჟღერს შენი სიტყვა დღეს, არამედ რა შედეგს მოუტანს ის შენს ქვეყანას ხვალ. ამიტომ, მშვიდობის პოლიტიკა არ არის უმოქმედობა და მით უმეტეს, სისუსტე. მშვიდობას ზოგჯერ უფრო მეტი სიმტკიცე სჭირდება, ვიდრე დაპირისპირებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, აფხაზებსა და ოსებთან შერიგებისა და ახალგაზრდების სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დღეს დარღვეულია. ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონები ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს კი ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა შორის ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა უნდობლობა, ტკივილი და გაუცხოება. ამ გაგებით ჩვენ ისევ ომის მდგომარეობაში ვართ. ომს კი ომით ვერ მოვერევით.
ჩვენი ამოცანა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება და დევნილების საკუთარ სახლში დაბრუნება ვერ იქნება. ჩვენი ამოცანაა ადამიანების დაბრუნებაც. აფხაზებსა და ოსებთან შერიგება ვერ მოხდება მხოლოდ დოკუმენტით, ხელმოწერით ან პოლიტიკური გადაწყვეტილებით. ნამდვილი შერიგება დაიწყება მაშინ, როდესაც ადამიანები კვლავ შეძლებენ ერთმანეთის დანახვას როგორც ადამიანების, რომლებსაც საერთო წარსული ჰქონდათ და საერთო მომავალი შეიძლება ჰქონდეთ. და სწორედ აქ არის თქვენი თაობის განსაკუთრებული როლი. თქვენ არ ხართ ვალდებული, მემკვიდრეობით მიიღოთ წინა თაობების მტრობა. თქვენ უნდა იცოდეთ წარსული, მაგრამ არ უნდა გახდეთ მისი ტყვეები. უნდა გახსოვდეთ უსამართლობა, მაგრამ ამ მეხსიერებამ ახალი უსამართლობისკენ არ უნდა გიბიძგოთ. უნდა გიყვარდეთ საკუთარი ქვეყანა ისე, რომ მისი ინტერესის დაცვა სხვის სიძულვილს არ საჭიროებდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.








