მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას და ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით. იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.
მისი თქმით, ის შეხვდა ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებს, რომელთაც ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე.
„მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფები ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატას, შევხვდით მათ პრეზიდენტებს. პირველ ყოვლისა, საუბარი გვქონდა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ორ პარლამენტს შორის კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფების დონეზეც არსებობს მჭიდრო ურთიერთობა. ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი. 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში და გავიხსენეთ ის ვიზიტიც. საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ, როდესაც ძალიან ადვილია, მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და წერტილების მოძიება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს და არა გვყოფს. ამ კონტექსტში საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე.
ამასთან, ვისაუბრეთ ევროკომისიის 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებაზე, შეეჩერებინა დიალოგი საქართველოსთან, რაც მიგვაჩნია, რომ არის მცდარი გადაწყვეტილება და დღემდე ჩვენ ველოდებით ამ დიალოგის აღდგენას. ამიტომ, კოლეგებთან ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, წევრმა სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან და იმედი გვაქვს, ამაში ჩვენი ბელგიელი კოლეგებიც დაგვეხმარებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, „რა იყო ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტების პოზიცია იმ ყველაფერთან მიმართებით, რა პრობლემებიც არის საქართველოსა და ევროკაშირს შორის“, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა:
„აინტერესებდათ ჩვენი პოზიცია და შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ ბელგია ძალიან კონსტრუქციულად არის განწყობილი ზოგადად გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით. ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საპარლამენტო დიპლომატია უკვე თავის თავში გამორიცხავს, რომ იყოს სწრაფვა კონფრონტაციისკენ. ჩვენი ვალდებულებაა, იყოს დიალოგი და აზრების გაზიარება. ასევე ვისაუბრეთ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს სამყაროში, ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონის განვითარებაზე. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც ჩვენს დიდ რეგიონშია, ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს, რათა ევროკავშირი, მისი თითოეული წევრი, ბელგიის ჩათვლით და მათი მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.










