საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მიიღებს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის ამოცანაა ქვეყანაში კრიზისის შექმნა.

„იმ შემთხვევაშიც, რადიკალური ჯგუფიდან ზოგიერთი თუ ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი მიზანი არის არა ადგილზე მოსახლეობისთვის რაიმე სიკეთის მოტანა, არამედ თავადაც წამოსცდათ, რომ მათი მიზანია, სადმე რაღაც წარმატებას მიაღწიონ, რომ უფრო მეტი კრიზისი შექმნან. ეს არის ამოცანა დღეს რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელიც, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ აცხადებს, რომ ფიქრობს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, მიზანი არის, რამენაირად კრიზისული სიტუაცია შექმნან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, აქაც გაცხადებული მიზანი აქვთ, რომ იქნებ სადმე წარმატებას მიაღწიონ, რათა შემდეგ ამით კრიზისი შექმნან ქვეყანაში. როდესაც ასე მავნებლობენ და საბოტაჟს უცხადებენ საკუთარ ქვეყანას, იქ, სადაც ცხოვრობენ მათი ნათესავები, ახლობლები, მათი გარემოცვა, ის ხალხი და საზოგადოება, სადაც ისინი გაიზარდნენ, რა თქმა უნდა, აქ არ არსებობს სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ არიან გარედან მითითებების შემსრულებლები. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რა დაკვეთები მოდის და ამის მიხედვით გავშიფროთ ხოლმე მათი ნასაუბრები, რადგან ეს არ არის მათი გონის და ტოპ ტვინის, ასე ვთქვათ, ნახარში და შედეგი, ეს გარედან მიღებული დავალების შედეგია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „იაგო კაჭკაჭიშვილმა დაწერა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობით თუ „ოცნება“ იმას დაწერს, რაც მათ სურთ, მაშინ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რა მნიშვნელობა ექნება. არის თუ არა ეს ერთგვარად საზოგადოებრივი განწყობების მოსინჯვა?“, – შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაცია მაგალითია თაღლითური სოციოლოგიური კვლევის კომპანიისა.

„პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური მიზანი, მათ შორის აცხადებს, თავისი მხრიდან როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის პიარ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. ამის შემდეგ ჰქონდეს პრეტენზია, რომ რაიმე ობიექტურ კვლევას ატარებს, ეს უკვე არის უტიფარი თაღლითობა, ჩვეულებრივი თაღლითობაც არ არის, არის უტიფარი თაღლითობა. ასე რომ, არ მგონია, რაიმე ფასი ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც აქვს ჩვეულებრივად პოლიტიკური დღის წესრიგი და ამ პოლიტიკურ დღის წესრიგს არგებს არითმეტიკას და რიცხვებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.