„ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ეყრდნობა არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების, მათ შორის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავას არჩევას ეხებოდა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არ არის ადამიანებში და იმაში, ვინ რას მართავს, ვინ რომელ დეპარტამენტს და რომელ რაიონულ ორგანიზაციას მართავს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის მის ფილოსოფიაში.

„ის არის ორგანიზაცია, რომელიც ეყრდნობა არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა. მან დაუორგანიზა მიხეილ სააკაშვილს აქ შემოსვლა, ეს ცნობილი ფაქტია, ამაზე სასამართლოც მიდის და ისედაც საკმარისი მტკიცებულებებია ამისი. ამიტომ, პრობლემა ამაშია. სხვა ქვეყნებს, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს თუ უცხო ორგანიზაციებს ვიდრე ემსახურებიან ისინი, მანამდე რა მნიშვნელობა აქვს, ვინმე რომელ რაიონულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.