არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ და ეს არის სპეკულაცია თავისი ყველაზე მდაბიო ფორმით. როდესაც საუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს პარლამენტზე, ეს ნიშნავს ინსტიტუტებს - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს: ნატო და როსტომ ჩხეიძეებს, რომლებმაც პარლამენტში პლენარულ სხდომათა დარბაზთან არსებულ კედელზე ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათი დაკიდეს.
ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც მას ნატო ჩხეიძემ მოუწოდა, რომ თავისი ბრძანებით პარლამენტში გამსახურდიას ფოტოსურათის დაკიდება კანონიერი გახადოს.
„არაკეთილსინდისიერია, როდესაც ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულირებთ და ეს არის სპეკულაცია თავისი ყველაზე მდაბიო ფორმით. როდესაც საუბრობთ ზვიად გამსახურდიაზე და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, საქართველოს პარლამენტზე, ეს ნიშნავს ინსტიტუტებს. როდესაც პარლამენტის შენობა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში და ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად, რა უნდა დაკიდოთ და არ დაკიდოთ, როდის და როგორ ხდება ეს ყველაფერი - ეს არის ზუსტად ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაც და იმისაც, რისთვისაც ის იბრძოდა. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. თქვენ რომ პარლამენტი თქვენს პირად სივრცეში გერევათ, თქვენი შეხედულებით წყვეტთ, სად, როგორ რა ჩამოკიდოთ, ეს აჩვენებს ამას. ეს არის ყველაფერი ის, რაც არის საწინააღმდეგო ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და მისი დანატოვარისა. რაც თქვენ გააკეთეთ, სირცხვილია. სირცხვილია, როდესაც პარლამენტს და ზვიად გამსახურდიას ხსოვნას აკადრებთ ამას, რომ მისი ხსოვნის სპეკულირებით წყვეტთ, პარლამენტში სად რა მოხდეს და სად იყოს ზვიად გამსახურდიას სურათი გამოფენილი. ასე არ წყდება. სახელმწიფო ასე არ იქცევა და ამიტომაა სამარცხვინო თქვენი საქციელი”, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ნატო ჩხეიძეს.
პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ნატო ჩხეიძემ დარბაზიდან რეპლიკით უპასუხა, რომ სიტყვები შეარჩიოს.