მთავარი გამოწვევა, რაც ჰქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს, მისი სახელწოდება იყო, რომელიც ყველას გაფიქრებინებდათ, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციულ ფაქტებს იძიებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქცია სინამდვილეში დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგია, რომელიც ახლა აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

„ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანა კორუფციის მხილება არ არის, კორუფციის გამოვლენა პროკურატურის ამოცანაა. გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ბიზნესომბუდსმენთან დაკავშირებით მიღებული არ არის პიროვნებების თაობაზე. გადაწყვეტილება მიღებული იქნა სისტემური, კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების მიმართულებით. დროთა განმავლობაში ასეთი სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების მიღება გარედან იყო თავს მოხვეული. ხან ერთის უცხოური რეკომენდაცია და დაჟინებული მოთხოვნა იყო, ხან მეორესი. ეს ყველაფერი იმ სამწუხარო გამოცდილების ნაწილია, რაც საქართველომ გაიარა, როცა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას გარედან გვკარნახობდნენ.

დღეს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებით დაკავებულია მთავრობა, რათა ყველა ხვრელის ამოვსება და არდაშვება მოხდეს. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, მისი ძირითადი ამოცანა საჯარო მოხელეების, პარტიების და „ენჯეოების“ დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგია. მისი მხრიდან დარღვვევებიც ფიქსირდებოდა და ჯარიმებსაც აწესებდა. მთავარი გამოწვევა, რაც ჰქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს, მისი სახელწოდება იყო, რომელიც თქვენც გაფიქრებინებდათ, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციულ ფაქტებს იძიებდა. სინამდვილეში, მისი ფუნქცია დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგია, რომელიც ახლა აუდიტის სამსახურს გადაეცემა. მას სათანადო გამოცდილება აქვს, დეკლარაციების მონიტორინგი მოახდინოს. აუდიტის სამსახურს უფრო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი და კონსტიტუციური გარანტიები აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.