მნიშვნელოვანია, რომ ამ მოძალადეებმა საკუთარი დანაშაული აღიარეს. ცდილობდნენ ამ ძალადობის დაკნინებას და ხან ღობის საქმეს უწოდებდნენ და ხან რას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებზე საუბრისას.
მისი თქმით, მოძალადეებმა თავად აღიარეს, რომ ჩაიდინეს ძალადობა და ასევე აღიარეს, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება.
„ხელახლა უნდა მივმართოთ ბრიუსელს და მათ ელჩებს, აპირებენ თუ არა ამ ფაქტის დაგმობას, თუ ესეც უნდა გაიყვანონ მორიგ შეხლა-შემოხლაში, რომელიც შემთხვევით ქუჩაში მოხდა 4 ოქტომბერს. როდესაც ჩვენ სახეზე გვაქვს პირდაპირი აღიარება მოძალადეების მხრიდან, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა და პირდაპირი აღიარება, რომ მათი მიზანი იყო პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება.
სახელმწიფო ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე შეხედავს და სადაც იქნება სინანული და აღიარება, იქ ადეკვატურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ეს შეიძლება იყოს საპროცესო შეთანხმება, პირობითი მსჯავრი, რეალური მსჯავრი. ეს დამოკიდებულია როგორც ყოველთვის ბრალის სიმძიმეზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკურატურა მიდის საპროცესო შეთანხმებაზე, რომლითაც მოძალადეები ერთი მხრივ აღიარებენ თავის ძალადობას და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მიზანს და მეორე მხრივ პროკურატურა სთავაზობს საპროცესო შეთანხმებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები დანაშაულებამდე ბრიუსელმა, ხაბეიშვილმა და მსგავსმა პოლიტიკოსებმა მიიყვანეს. ამ ფონზე კი ევროკომისიამ მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბრის ძალადობას.
ოთხი ოქტომბრის საქმეზე დაკავებული თორმეტი ბრალდებულიდან შვიდმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა.








