დიდი ხანია, ნათელია, რომ პეტერ ფიშერი იქ დაასრულებდა, სადაც დაასრულა, კერძოდ, ქსენოფობიური განცხადების ავტორად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როცა პეტერ ფიშერი ჯერ ფაშისტური სლოგანის წინ პოზირებდა, შემდეგ ექსტრემისტებს ამ ქვეყნის მომავლად აცხადებდა, მხარს უჭერდა და აგულიანებდა პროპაგანდისტებს, იქიდანვე უკვე ჩანდა, ეს ყველაფერი საით მიდიოდა.
„ასე რომ, თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, რომ მან ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. ეს მიუღებელია. ეს განცხადება ბევრ რამეს აჩვენებს, არ მინდა, წიაღსვლაში შევიდე, თუ რა ღირებულებები კარნახობს ადამიანს ასეთი განცხადებების გაკეთებას. ეს ერთ რაიმეს აჩვენებს, თუ რა ადვილად შეუძლიათ, ქართველები წაკიდონ სხვადასხვა ქვეყნებს თუ ერებს. რა ადვილად შეუძლიათ, აქ დაანთონ ცეცხლი რეგიონში და შუღლი ჩამოაგდონ ეთნიკურ ნიადაგზე. ამგვარი ცეცხლი არაერთხელ
დანთებულა და საბედნიეროდ, დღეს, ვაკვირდებით, სომხეთ-აზერბაიჯანს. სწორედ იმიტომ, რომ თითოეულმა ქვეყანამ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით დაიწყო პოლიტიკის გატარება, შესაძლებელი გახდა მშვიდობა რეგიონში, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ფიშერის ფროიდისეული წამოცდენა აჩვენებს, თუ რა აზრები აქვს ზოგიერთს რეგიონზე და როგორ გვიყურებენ საერთოდ. სხვა ერები ახსენა, მაგრამ ალბათ, ქართველებს დაკნინებით ახსენებს – ქართველობა ხომ არ გინდათო. ჩვენ ჩვენს ინტერესებს თავად უნდა მივხედოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








