საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, კარლო ჩხეიძის შთამომავლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, რომლითაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე დაჯილდოვდა, საქართველოს პარლამენტს გადაეცა.

„ჩემი, 2023 წლის 25 მაისის ბრძანების შესაბამისად, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდნენ.

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო (დამფუძნებელი კრება), რომელმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო“, – წერს პაპუაშვილი.