ქართულ კანონს პირველად „რუსული კანონი“ დაარქვა კელი დეგნანმა. მან მოიგონა ეს ტერმინი - ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ვიცით, როგორ მოქმედებს ეს სქემები, როგორ ერთვებოდა ამაში „იუესაიდი“ და „ნედი“, რათა ძირი გამოუთხარონ სხვა ქვეყნებში დემოკრატიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 2023 წელს ამ ქართულ კანონს პირველად „რუსული კანონი“ დაარქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩმა, კელი დეგნანმა. მისი თქმით, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხულ სცენარს ჰგავდა ის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რაც 2023 წელს ვიხილეთ.
„ბრძენი ხალხი იყვნენ რომაელები და მათი გამონათქვამები არაერთხელ გამიმეორებია: „ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს“. რა ვქნათ, ასე არის აწყობილი გეოპოლიტიკა, დიდპატარაობა აქაც არის. ის, რაც თავისთვის უნდა ზოგიერთს, სხვისთვის არ ემეტება. ასე არ იმეტებდნენ ჩვენთვის რაღაცებს ხან მოსკოვი, ხან სხვა დედაქალაქები, მაგრამ ჩვენ ჩვენს თავს უნდა მივხედოთ. ამ წნეხსაც ხომ გავუძელით მაშინ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმავე დასახელებით არის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ჰქვია – ამ შემთხვევაში სპეციფიკურად უმაღლეს დაწესებულებებში. ტერმინოლოგიურადაც კი იგივეა, რაც ჩვენთან მოქმედებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. 2023 წელს ამ ქართულ კანონს პირველად „რუსული კანონი“ დაარქვა ბაიდენის ადმინისტრაციის ელჩმა, კელი დეგნანმა. მან თქვა პირველად, მან მოიგონა ეს ტერმინი და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ვიცით, როგორ მოქმედებს ეს სქემები, როგორ ერთვებოდა ამაში „იუესაიდი“, „ნედი“, სხვა დამფინანსებლები, როგორ აძლევენ დირექტივებს თავიანთ დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რათა ძირი გამოუთხარონ სხვა ქვეყნებში დემოკრატიას, როგორ აკონტროლებენ მედიას. სხვათა შორის, გუშინაც გავრცელდა ინფორმაცია, ამერიკული ორგანიზაცია იყო „ინტერნიუსი“, რომლის მეშვეობითაც ათასობით მედია იყო კონტროლის ქვეშ, რათა გაეტარებინა ის პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც მოდიოდა დამფინანსებლისგან. ასე რომ, თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა შექმნა ყალბი პროპაგანდისტული ხაზი. მას უყვარდა ხოლმე თქმა, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან არისო. ზუსტადაც რომ სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხულ სცენარს ჰგავდა ის ჰიბრიდული ომის ტაქტიკები, რაც 2023 წელს ვიხილეთ. აბსოლუტურად ყალბი ბრალდებების სათავე იყო აშშ-ის მაშინდელი ელჩი, რომელმაც ჯერ კანონპროექტის სტიგმატიზება მოახდინა, შემდეგ „იუესაიდის“ თუ სხვა ასეთი, როგორც დღეს ამერიკის ხელისუფლება უწოდებს, თაღლითი ორგანიზაციების დაფინანსებით ძალადობრივი თავდასხმა იყო პარლამენტზე,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.