პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დროა ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია არ არის ევროპული გზა და საჭიროა ბრიუსელი ევროპულ გზას დაუბრუნდეს.
"პასუხებში კარგად გამოჩნდა, რომ ევროკომისრები - ნახეთ მათი მომართულობა, რომ ისინი არიან არა დიალოგის, არამედ ბოიკოტის მხარეს, რაც საერთო ჯამში, პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და ვნახეთ, როცა წევრ ქვეყნებზე არის საუბარი, მათი სურვილი დიალოგის, რომ დიალოგი იყოს საქართველოსა და ევროკავშირის, მის წევრ ქვეყნებს შორის. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ბოლო პერიოდში გავაძლიერეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებით შეხვედრები, ვიზიტები.
მნიშვნელოვანია, რომ წევრ ქვეყნებთან გვქონდეს კომუნიკაცია და ვისაუბროთ დიალოგის აუცილებლობაზე, ვინაიდან კონფრონტაცია და ბოიკოტი - ეს არ არის ევროპული გზა და სამწუხაროდ, ეს არაევროპული გზა აქვს არჩეული დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას.
ამიტომ, ისინი, ვინც არიან არჩეული წარმომადგენლები საკუთარი ხალხისა, მათთან მნიშვნელოვანია გვქონდეს ჩვენ ორმხრივი კომუნიკაცია, დიალოგი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ბრიუსელიც დარწმუნდეს, რომ კონფრონტაცია ეს არ არის ევროპული გზა და დროა ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროპულ გზას დიალოგისა და იდეებისა, დიალოგისთვის გახსნილობისა და კონფრონტაციული გზიდან გასვლისა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.










