საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო გერმანიისა და საქართველოს ხანგრძლივ დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და მოლოდინებზე.
ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო ცხოვრებით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მათ მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრებს სთხოვა მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.