საგანგაშოა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ცრუ ნარატივს ავრცელებენ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ცრუ ნარატივები, რაც ევროკომისიის ამ წარმომადგენლების მხრიდან ვრცელდება, არის ძალიან სამწუხარო. საგანგაშოა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ცრუ ნარატივს ავრცელებენ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან დაკავშირებით. ხომ არ ვართ წევრი და რას გვედავებიან ჯერ ერთი? ისინი ავრცელებენ ცრუ ნარატივს. რა თქმა უნდა, დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივის წინააღმდეგ ჩვენი შესაძლებლობა არის მხოლოდ სიმართლე და მხილება. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვაბულინგებს რუსული დეზინფორმაციით და ენა რომ შეგვაჩვიეს მათ შორის, ევროკომისიის წარმომადგენლებმა. ეს რუსი რუსის ძახილი მოიკითხონ თავისკენ, მორჩა. ამას გაუვიდა ყავლი და დაივიწყონ. თუ უნდათ, იმეორონ მილიონჯერ, მაგრამ არავინ არ გაჩერდება. ყველა ამხელს იმ ბრიუსელურ დეზინფორმაციას, იმ ევროპული სტანდარტის დეზინფორმაციას, თუკი მაინცდამაინც ასე უნდათ, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოდის. რა თქმა უნდა, ცრუ ნარატივს არავის გავუტარებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება თავად არჩევნებს და იმას, ცრუ რატომ არის ეს ნარატივი, თვითმმართველობის არჩევნები აქტივობის მხრივ რომ დიდად საუბრობენ, იყო ზუსტად დაახლოებით ისეთი, რაც არის თვითმმართველობის არჩევნები. 1 400 000-ზე მეტი ადამიანი გამოცხადდა და ასე იყო 2014-ში და 2017-ში არჩევნების დროს. 2021 იყო გამორჩეული აქტივობის მხრივ, რადგან ის იყო რეფერენდუმად გამოცხადებული და საპარლამენტო არჩევნების სახით ჩატარდა ფაქტობრივად, თორემ ყველა სხვა თვითმმართველობის არჩევნები ასე იყო. ასე იყო არჩევნები ყველგან. მათ შორის, ევროპარლამენტი ხომ ევროპიდან გვიყურებს, აიღონ ესტონეთის, ან სხვა მაგალითები და ნახავენ, რომ 30%-ს იღებს ხოლმე არჩევნებში მონაწილეობას, 35% და ასე შემდეგ. დონალდ ტრამპი ამერიკის ამომრჩევლების 30%-ს ჰყავს არჩეული. ასეთი მანიპულაციით უნდათ თავიანთ „ენჯეოებს“ ამის წარმოჩენა, თითქოს დაბალი აქტივობა იყო. სინამდვილეში კი მთავარი საამაყო, რაც ჩვენ გვაქვს ქართულ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ქართული საზოგადოება, როგორც დემოკრატიული საზოგადოება შედგა, იმის ფონზე, რომ გარედან თუ შიგნიდან იყო პირდაპირი მტრობა და ზეწოლა, იმის ფონზე, რომ არჩევნების პარალელურად, როცა ხალხი საარჩევნო უბნებთან იდგა, ესენი აქ პრეზიდენტის რეზიდენციას ამხობდნენ და იღებდნენ შტურმით. მართლაც რომ სურეალისტური კადრებია, რომ წარმოიდგინო, ფილმად გადაიღებდა ადამიანი, მიდის არჩევნები და ამ დროს, ევროკავშირის დროშით ადამიანი შტურმით ცდილობს, აიღოს პრეზიდენტის სასახლე. ეს უნდა გადაიღო და შემდეგ ევროპულ პლატფორმებზე აჩვენო, სადამდე მიიყვანეს საკუთარი უპასუხისმგებლობით ეს ექსტრემისტი ადამიანები, რომ ევროკავშირის დროშა ამათ ხელში აქციეს ძალადობის, ტერორის და ექსტრემიზმის სიმბოლოდ საქართველოში. აქამდე მიიყვანეს თავისი უპასუხისმგებლობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სინამდვილეში, ეს იყო დემოკრატიის გამარჯვება, რომ არჩევნებზე მივიდნენ საქართველოს მოქალაქეები, როგორც მიდიოდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ეს იყო დემოკრატიის გამარჯვება, რომ არავინ არ დაიბნა, ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან ზუსტად გაიგეს, რასთან ჰქონდათ საქმე და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეკორდული მხარდაჭერა საქართველოს მასშტაბით, თბილისის მასშტაბით და ამით გაამყარა კიდევ ერთხელ ჩვენი მანდატი. ამიტომ, ამის შემდეგ, თვალს რომ უხუჭავენ ქართველ ხალხს, კეთილი ინებონ, ფართოდ გაახილონ თვალები და ჩახედონ, ვინ არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი არ არის პოკემონის ფორმით მორბენალი ზრდასრული კაცი რუსთაველის გამზირზე. ეს უნდათ გვითხრან, რომ ქართველი კაცი არის პოკემონის ყვითელ ფორმაში გამოწყობილი ზრდასრული ადამიანი, ნენსი ვოლანდი და ნანა ნანუ სანდერები, ის ხალხი, ვინც დადის იქ დაზომბებული და ხან ვის მიუვარდება და ხან ვის. უნდათ, რომ ქართველი ხალხი გვაქციონ ამ სახედ, რასაც პოკემონების კაცუნები ჰქვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.