ძალიან ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ძალიან სამარცხვინო ინციდენტი მოხდა დღეს პარლამენტში.
„სამარცხვინო ინციდენტია და ძალიან ვწუხვარ, რომ განსაკუთრებით ქალი დეპუტატები გამოირჩევიან ყველაზე სამარცხვინო საქციელით, რაც კი შეიძლება იკადროს პარლამენტის წევრმა. ეს არის დისკრედიტაცია, მათ შორის ქალის როლისა პოლიტიკაში. როდესაც მთავარი როლი, რაც მათ აქვთ მოსხმული, ეს არის ისტერია, რადიკალიზმი და აბსოლუტური შელახვა ადამიანის ღირსების. ვფიქრობ, ეს ქალი დეპუტატები არიან, რომელიც განსაკუთრებულად შეურაცხყოფენ, როგორც პარლამენტის მანდატს, ასევე ჩრდილს აყენებენ ქალის როლს პოლიტიკაში და მათი გამოისობით ხდება ისეთი აღქმის ჩამოყალიბება, თითქოს ქალს პოლიტიკაში შეუძლია მხოლოდ ისტერიის მოწყობა და რადიკალიზმი. განმეორებით რამდენჯერმე ზუსტად ეს ქალი დეპუტატები არიან ჩართული ამ ყველაფერში. ეს არის ძალიან სამწუხარო რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ პარლამენტში. ვწუხვარ, რომ კოლეგა კაცი დეპუტატები ვინც არიან, სწორედ ამ ქალებს ამოფარებულები, იმდენი სითამამე არ აქვთ, ამას რომ გეგმავენ, თავად მაინც გააკეთონ, ან გვერდით მაინც დაუდგნენ ან რამე უთხრან, თუ არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს. ამან მიიღო ძალიან სამარცხვინო ხასიათი ოპოზიციაში, ვწუხვარ, რომ ასეთი სახე წარმოჩინდება ქალი პოლიტიკოსისა ქართულ რეალობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.