გერმანიაში ლობისტების რეესტრი არსებობს და უფრო მეტ ინფორმაციასაც ასაჯაროებს, ვიდრე ჩვენი კანონით არის მოთხოვნილი. საფრანგეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოაქვს და მათ შორის მიყურადების შესაძლებლობასაც კი იძლევიან გარკვეულ შემთხვევაში. ესეც აჩვენებს, რომ ზოგიერთი ასე უყურებს სამყაროს, რომ რაც მისაღებია იუპიტერისთვის, არ არის მისაღები ხარისთვის და სამწუხაროდ ზოგიერთებს ჩვენ ხარი, საკუთარი თავი კი იუპიტერი ჰგონიათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირს კი არ აქვს საქართველოსადმი კითხვები, არამედ ჩვენ ქვეყანას აქვს კითხვები - რატომ ხდება მათ მიერ საქართველოში ფარულად პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება?
„საქართველოს ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ მათ შორის გერმანელი და ფრანგი გადასახადების გადამხდელთა ფულით საქართველოში ევროპული ფონდების მეშვეობით ფარულად ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები და რადიკალური ჯგუფები, როცა ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოწოდებებს, კითხვა პირიქით გვაქვს, რატომ იხარჯება მათ შორის გერმანელი და ფრანგი გადასახადების გადამხდელთა ფული ევროპული ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში? ეს კითხვა მე რამდენჯერმე დავსვი და სამწუხაროდ, საუბრების დროს ამაზე არის გარკვეული აღიარებები, რომ იყო პროექტები, რომლითაც რადიკალური ჯგუფები ფინანსდებოდა, მაგალითად ეს იყო „დროა“, „სირცხვილია“, - ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ფონდების გამოყენებით ფარულად საქართველოში. რატომ არ აკეთებენ არაფერს ამ ქვეყნების საელჩოები, რომ ეს ფული გამჭვირვალე იყოს? რანაირი სტანდარტია, როდესაც ევროკავშირი პარტნიორ კანდიდატ ქვეყანაში ფარულად აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს და რადიკალურ ჯგუფებს. ეს არის ევროკავშირის ფული, რომელიც ევროპის დემოკრატიის ფონდის მეშვეობით იხარჯება. ზუსტად ეს ფონდი გაეხვა სკანდალში, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები იხდიდნენ იმ ადამიანების ჯარიმებს, რომლებიც პოლიციელებს და პარლამენტს ესხმოდნენ თავს. ახლაც მიდის პროცესები და უნდა დაინტერესდნენ ენჯეოები, რომ შემთხვევით ამ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს ხომ არ იხდის ევროკავშირი და ევროკავშირის ფულით ხომ არ ხდება მოძალადეთა წახალისება. ასე რომ კითხვები ჩვენს მიმართ კი არ არის, ჩვენ გვაქვს კითხვები ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მიმართ, რატომ ხდება საქართველოში ფარულად პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალური ჯგუფების დაფინანსება? ზუსტად აქ ჩანს ის, რომ ევროკავშირში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს პრობლემა, რომ არ გახდეს ცხადი, თუ როგორ ფინანსდება მავნე გავლენები საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.