დედამიწის ზურგზე არავის მიმართ საქართველოს არაფერი არც სამართლებელი აქვს და არც დასამტკიცებელი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ საქართველო ყველა გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს.

„ერთი წელი გადის უკვე და ჩვენ შეგვიძლია, შევხედოთ, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები მათ შორის იმ ალიანსში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას. არის სამი კრიტერიუმი და სწორედ ამ რანჟირებით, პირველი – ყველა ნატო-ს წევრი ქვეყანა ამ ალიანსში, მათ შორის პირველი უყურებდა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას. მთავარი ამოცანა იყო არ დაეშვათ, რომ საკუთარი ქვეყანა ჩართულიყო პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთში. მეორე ინტერესი იყო საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი, რომ ისეთი გადაწყვეტილებები და ქმედებები არ ყოფილიყო, რომ კრიზისის დონემდე დაეზიანებინათ საკუთარი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი. მესამე იყო სოლიდარობა უკრაინის მიმართ. სწორედ ასე მიიღებოდა ნებისმიერი გადაწყვეტილება. ამ თანმიმდევრობით და ამ პრიორიტეტებით. თქვენ გახსოვთ თუნდაც სამხედრო დახმარების კუთხით პირველი გადაწყვეტილებები, რომელიც სუსტი იყო და უკრაინა ითხოვდა სულ სხვა რამეს და იქამდე ვერ მიდიოდნენ მაშინ უკრაინის მხარდამჭერი ალიანსის წევრები, ვინაიდან ხედავდნენ სწორედ იმ წითელ ხაზს, რომ იმის იქით შეიძლებოდა, ყოფილიყო პირდაპირი ომი რუსეთთან. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას არ იღებდნენ. დღემდე ვხედავთ, რომ სანქციების ტალღების მიღების დროს სჭირდება დიდი მოლაპარაკება, რადგან ცდილობენ, არ დააზიანონ უფრო მეტად საკუთარი ქვეყანა, ვიდრე რუსეთი. ზუსტად ამ კრიტერიუმებით იღებდა საქართველო ყოველ გადაწყვეტილებას. პირველი გახლავთ ქვეყნის უსაფრთხოება, მეორე არის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება და მესამე არის სოლიდარობა უკრაინასთან. შესაბამისად, ჩვენ ყველგან, სადაც ვფიქრობდით, რომ არ გადავიდოდით წითელ ხაზს, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებას ჩავაგდებდით საფრთხეში ან ქვეყანას გამოუსწორებელ ეკონომიკურ კატასტროფაში გადავიყვანდით, ყველა იმ გადაწყვეტილებას ვიღებდით. ამ ალიანსში იყვნენ ქვეყნები, რომლებმაც მაგალითად ჰააგაში მიმართვას მხარი არ დაუჭირეს, ხელი არ მოაწერეს, იყვნენ ქვეყნები,რომლებიც გაერო-ს რეზოლუციის თანასპონსორები კი არ იყვნენ, უბრალოდ კენჭისყრის დროს თანხმობას მიაჭირეს თითი და საქართველომ აქ არსად დაიხია უკან, არსად არ აუკანკალდა ხელი, რომ მხარი დაეჭირა უკრაინისთვის. ამიტომ, ეს სოლიდარობა აჩვენა საქართველომ ბოლომდე და დედამიწის ზურგზე არავის მიმართ საქართველოს არაფერი არც სამართლებელი აქვს და არც დასამტკიცებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.