აკრედიტაციის სისტემაში შევა ცვლილებები. ევროპარლამენტში ერთ წლიანი შეჩერებაც არსებობს ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში შედის, ევროპარლამენტის აკრედიტაციის სისტემის იდენტურია.
„როგორც იცით, თავის დროზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დროს მე ვთქვი, რომ ჩვენ შევისწავლიდით ევროპარლამენტში არსებულ აკრედიტაციის სისტემას. იყო გარკვეული საკითხები, რომელიც საინტერესო იყო, რომ გადმოგვეღო საქართველოს პარლამენტში და დაგვეახლოებინა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა ევროპულ სისტემასთან. ასე რომ დღეს, აკრედიტაციის სისტემაში შევა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის იცით, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევისთვის არის პირველ ჯერზე ერთი თვე აკრედიტაციის შეჩერება, განმეორებით შემთხვევაში არის 6 თვე აკრედიტაციის შეჩერება. ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში ერთ წლიანი შეჩერებაც არსებობს ამიტომ დავაახლოებთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულ სისტემასთან და პირველ ჯერზე იქნება ერთი თვე და მეორე ჯერზე იქნება ერთ წლამდე აკრედიტაციის შეჩერების შესაძლებლობა.
მეორე, იცით, რომ საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოიყენებოდა სანქცია. ვნახეთ ჩვენ, რომ ევროპარლამენტში არა მხოლოდ ჟურნალისტის, არამედ მედიის მიმართაც შესაძლებელია სანქციის გამოყენება. ამიტომ ჩვენ დავაახლოვეთ საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემას ევროპულთან. აქაც დარღვევის სიმძიმის და სიხშირის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება, რომ გაუუქმდეს მთლიანად მედიას აკრედიტაცია ერთ წლამდე ვადით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება გადაწყვეტილება კონკრეტულ მედიასაშუალებებს, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს არის თემით სპეკულაცია.
მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ აქვთ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს ასეთი ღია და ხშირი კომუნიკაცია მედიასთან, როგორც საქართველოში.
„არ გავურბივართ არც ერთ შეკითხვას, არც ერთი მედიის მხრიდან. პარლამენტში მუშაობას აქვს თავისი წესები. ევროპარლამენტის პარლამენტში კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტები არსებობს ჟურნალისტებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს პარლამენტს გაცილებით ლოიალური ქცევის წესები აქვს, ვიდრე ევროპარლამენტს.








