რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ თავად ოპოზიციის გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა პარლამენტში.

„ეს მათი გადასაწყვეტია, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხია. რაც შეეხება იმას, უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, ვნახავთ, ორ თუ სამ საათში, ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და შევხედავთ, რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შევხედოთ“, – განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა იმის თაობაზე, რომ უკვე მეორედ მიმდინარეობს პარლამენტის პირველი სხდომა აქციის ფონზე. მისი თქმით, ოპოზიცია უცხოეთიდან დაკვეთით მოქმედებს და მათ საკუთარ თავს მხოლოდ ორი გზა დაუტოვეს.

„არც ისტორიას ეცნობიან, არც რაიმე ღრმა ცოდნა აქვთ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. არ იციან, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა ადამიანი და ამას დავინახავთ საბოლოო ჯამში. ვთქვი, რომ მათ თავადვე დაიტოვეს ორი გზა. თავადვე რა, ისინი მოქმედებენ უცხოეთიდან დაკვეთით და იმიტომაც არის, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს. რეალურად აქვთ ორი გზა. ერთი – მანდატებზე თქვან უარი, დაწერონ განცხადებები და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი, ან მეორე – არ თქვან მანდატებზე უარი, არ დაწერონ განცხადებები და ამით დაიმცირონ საკუთარი თავი. ეს არჩევანი აქვს დღეს ოპოზიციას – დაინგრნენ, თუ დამცირდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.