საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეკომენდაციების შესრულების ნაწილში, ბრიუსელის ერთი მოთხოვნა ეხება ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის კანონს და ბრიუსელი ითხოვს ცრუ იდეოლოგიაზე დათანხმებას.

„მოქალაქეებმა უნდა გაიაზრონ, რა მოთხოვნები იქნა წამოყენებული ბრიუსელის მხრიდან. ორი საკითხია, ერთი ეხება ოჯახური ღირებულებების და ბავშვთა უფლებების დაცვის კანონპროექტს. მთავარი საკითხი, რაც ამ კანონშია, არის, რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ანუ, ბრიუსელი გვეუბნება, რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ეს არის სინამდვილეში, რაც მოწოდებულია ამ კანონთან დაკავშირებით. ამას ეხება, რომ კაცი ვერ გახდება ქალი და ქალი ვერ გახდება კაცი. ეს ცრუ იდეოლოგია არის და არ უნდა ისწავლებოდეს, ამ იდეოლოგიით არ უნდა ხდებოდეს ტვინის გამორეცხვა ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ა.შ. ეს იგივეა, რაც ბრიუსელს მოეთხოვა, რომ გვეღიარებინა, გვეთქვა, დედამიწა ბრტყელია.

გვახსოვს ჩვენ პერიოდი, როდესაც ევროპაში ამტკიცებდნენ, რომ დედამიწა არის ბრტყელი და ვინც ამბობდა, დედამიწა ბრტყელი არ არისო, კოცონზე წვავდნენ. აი, ზუსტად ამას მაგონებს ბრიუსელის დღევანდელი ქცევა, რომელიც ითხოვს, ვთქვათ, რომ დედამიწა მრგვალი კი არ არის, ბრტყელია. ან ეს კი არ ვთქვათ, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, არამედ ვთქვათ, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი და თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან, რომ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწვავენ. ჯერ ეს უნდა შევაფასოთ, რათა გავიაზროთ, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბრიუსელის მოთხოვნებიდან მეორე საკითხი ეხება გამჭვირვალობას და როგორც ჩანს, ბრიუსელს არ სურს, გამჟღავნდეს, სად მიდის მათი ფული.

„დადასტურებულად დღეს ვიცით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა და ამხილა უცხოური დაფინანსება, ამერიკული ამ შემთხვევაში, რომ ხდებოდა ყალბი იდეოლოგიების დანერგვა, ხდებოდა დემოკრატიებისთვის ძირის გამოთხრა სხვა ქვეყნებში, ხდებოდა საზოგადოებების ძირის გამოთხრა, მათი დაპირისპირება, ხელისუფლებების ცვლილებაში ფულის ჩადება და ე.წ რეჟიმ ჩეინჯების დაფინანსება. ეს აღიარებულია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ევროპული დაფინანსებების წილიც არის ამ ყველაფერში და ესეც არის ფაქტი და მხილებული. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში ფინანსდებოდა რადიკალიზმი, ექსტრემიზმი, პარტიები, პარტიული მედიები და ა.შ. დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა და კვლავაც ფინანსდება ექსტრემიზმი საქართველოში. და ვიცით იმიტომ, რომ შემთხვევით ვარკვევდით რაღაცებს, როდესაც ვიღაცა ხან პოსტით გაშიფრავდა თავის დაფინანსებას, როგორც „დროამ“ გაშიფრა და გავიგეთ, თურმე პარტიას აფინანსებდა ევროკავშირის ფულით, რაც არის დარღვევა ყველაფრის საერთოდ და შემთხვევით ვიგებდით ამ ყველაფერს. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, ამ ყველაფერს მოქალაქეები გაიგებენ და როგორც ჩანს, ზუსტად ეს არ უნდა ბრიუსელს, რომ ვიცოდეთ, სად მიდის მათი ფული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წერილით მიმართა.

მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში მოთხოვნილია, კომისიას მიეწოდოს განახლებული ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე და თუკი ჯერ ეს არ არის განხორციელებული, იყოს სათანადო ზომები მიღებული კომისიის რეკომენდაციებში მოცემული საკითხების მოსაგვარებლად. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზის შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში.

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას